შეხვედრა სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე ადვოკატებთან და სტუდენტებთან
2020 წლის 13, 21 და 26 აგვისტოს სახალხო დამცველის აპარატის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები თელავში, მარნეულსა და ახალციხეში სისხლის სამართლის მიმართულებით მომუშავე ადვოკატებს და სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრა წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული გეგმიური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი იყო არსებული ვითარების გაცნობა და მანკიერი პრაქტიკების გამოვლენა.
ადვოკატებმა ისაუბრეს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავების პროცედურულ დარღვევებზე, არაპროპორციული ძალის გამოყენების მანკიერ პრაქტიკასა და დაკავებულისთვის ადვოკატის დროულ ხელმისაწვდომობაზე. პრობლემად დაასახელეს ის ფაქტი, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავების პროცესში სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება არ აქვთ; ასევე, არ არსებობს დაკავებულთან კონფიდენციალური გასაუბრების სივრცეები.
ეროვნული პრევენციის მექანიზმის ხელმძღვანელმა ნიკა კვარაცხელიამ სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატსა და როლზე საერთაშორისო კონტექსტში. ისაუბრა სახალხო დამცველის რეკომენდაციებზე უწყებების მიმართ.
შეხვედრები მონაწილეთა აქტიური ჩართულობით გაიმართა და დიდი ინტერესი გამოიწვია.