შეხვედრა მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეებთან
2018 წლის 20 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მრავალფეროვნების სკოლის მონაწილეები ეწვივნენ და სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და სახალხო დამცველის მოადგილეს ეკატერინე სხილაძე შეხვდნენ.
შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ სახალხო დამცველის მანდატს და უფლებამოსილებას, დაისვა მათთვის საინტერესო შეკითხვები და შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: თანასწორუფლებიანობა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა წინაშე მდგარი გამოწვევები, ბავშვის უფლებები, ოჯახში ძალადობის პრევენცია, ტოლერანტობა და სხვა.
მონაწილეთა განსაკუთრებული ყურადღება სახალხო დამცველის რეკომენდაციების აღსრულების გზებს და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით სახელმწიფოს ვალდებულებებს უკავშირდებოდა. დისკუსიის დროს მონაწილეები საუბრობდნენ პირად გამოცდილებასა და იმ პრობლემებზე, რაც მათ ქალაქებსა და თემში არსებობს.
აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვნების სკოლა ორგანიზებულ იქნა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.