შეხვედრა აზარტული თამაშების საწინააღმდეგო კამპანიის წევრებთან
2020 წლის 22 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია იურისტ ანა დოლიძეს და აზარტული თამაშების წინააღმდეგ კამპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა სახალხო დამცველს სამთავრობო ვებ-პორტალზე დარეგისტრირებული პეტიციის მოთხოვნები გააცნეს.
კამპანიის ავტორები და წარმომადგენლები სახალხო დამცველისგან აზარტული თამაშების მკაცრ ჩარჩოებში რეგულირებისათვის მხარდაჭერას ითხოვენ.
შეხვედრის შემდგე სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის ახლადმიღებული ბავშვის უფლებების კოდექსით იკრძალება და უნდა დარეგულირდეს ბავშვებზე და არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენა, თუმცა, ჯერ-ჯერობით არ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები, რაც უზრუნველყოფს მოზარდთა დაცვას აზარტული თამაშების რეგულირების მიმართულებით.
სახალხო დამცველს, როგორც ბავშვთა უფლებების კოდექსზე ზედამხედველობის აღმსრულებელს, მიმაჩნია, რომ სერიოზული ხარვეზებია აზარტულ თამაშებზე ბავშვთა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. სრულიად უკონტროლოა და ყველას აქვს წვდომა ონლაინთამაშებზე; ასევე დაურეგულირებელია სარეკლამო მიმართულება და მიუხედავად იმისა, რომ თამაშებში ჩართულია და თამაშებზე დამოკიდებულია ჩვენი უამრავი მოქალაქე, არ არსებობს შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისები, რაც მათ ამ მავნე დამოკიდებულების გავლენიდან გათავისუფლებაში დაეხმარება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.