სახალხო დამცველი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელს შეხვდა
2020 წლის 18 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს შეხვდა.
სახალხო დამცველი ქვეყანაში ზოგად ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას გაეცნო, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, ამ დრომდე მართვადია, საავადმყოფოებში სივრცეები ჯერ-ჯერობით საკმარისია და ტესტირება პროაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობს.
სახალხო დამცველმა ეპიდემიოლოგებთან მიმოიხილა ცხელების ცენტრებსა და საავადმყოფოებში არსებული პირობები, ინფრასტრუქტურა, საკარენტინე სივრცეები, გაეცნო მკურნალობის პროტოკოლს და ამ კუთხით სხვა ქვეყნების მაგალითებითაც დაინტერესდა. შეხვედრაზე ისაუბრეს სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ დაწესებულებებში კონტროლის გამკაცრების საჭიროებაზე, კვებითი და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების სტანდარტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ცნობიერების ამაღლების კუთხით გასატარებელ ღონისძიებებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილეები და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები.