სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშები
2020 წლის 4 ივნისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების შესახებ 6 უწყების ანგარიში მოისმინეს.
სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი გაცემული 310 რეკომენდაციიდან, საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერის დადგენილებით, 244 რეკომენდაციაზე დაფუძნებით სახელმწიფო უწყებებს 259 (დაახლოებით 78%) დავალება მისცა. რაც წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სხდომაზე სახალხო დამცველმა წელს პირველად წარმოადგინა სპეციალურ ანგარიში, სადაც პარლამენტის დადგენილების საფუძველზე სახელმწიფო უწყებებისთვის მიცემული დავალებების შესრულების მდგომარეობაა შეფასებული.
საქართველოს მთავრობის მიერ შესრულებულ დავალებებში სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედება. ასევე, უსინათლო ან მცირემხედველ პირთა შესაძლებლობა - მთავრობის ადმინისტრაციას ბრაილის ან სხვა, ალტერნატიული ფორმით შედგენილი განცხადებით მიმართონ.
სახალხო დამცველი ნაწილობრივ შესრულებულად მიიჩნევს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის სახელმწიფო უწყებებში გაზრდის მიზნით სტაჟირების პროგრამის მუშაობას, რაც 2019 წელს 294 ახალგაზრდამ გაიარა. შეუსრულებელი დავალებათა შორის არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დაუმტკიცებლობა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა თანამშრომლობის არადამაკმაყოფილებელ ხარისხს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საპარლამენტო დავალებების შესრულების მდგომარეობის შეფასების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს სახალხო დამცველის არაერთ წერილზე არ გაუცია პასუხი. სამინისტროს მიერ დავალებების შესრულების მდგომარეობის შეფასება სახალხო დამცველის აპარატმა სხვა წყაროებზე დაყრდნობით შეძლო.
შესრულებულია იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილება, რომლის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა 30 დღით განისაზღვრა. ასევე, ჩატარებული არაგადამდები დაავადებების სკრინინგი.
თუმცა, კვლავ გადატვირთულია N15 დაწესებულება; N17 დაწესებულებაში ისევ არ გაუქმებულა ბარაკის ტიპის საცხოვრებლები. პარლამენტის მიერ გაცემული დავალების მიუხედავად, მსჯავრდებულებს ისევ არა აქვთ უფლება, წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები რისკის შეფასებისას. დეესკალაციის ოთახში მოთავსების ვადა კვლავ არ შემცირებულა 72 საათიდან 24 საათამდე.
საქართველოს გენერალურ პროკურატურას საქართველოს პარლამენტმა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროპორციულობის შესაფასებლად გამოძიების ეფექტიანად, ზედმიწევნით, დროულად და გამჭირვალედ წარმოება დაავალა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ გამოძიება მნიშვნელოვანი ხარვეზების ფონზე მიმდინარეობდა; მათ შორის, არ იყო ჩატარებული აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, პროკურატურას საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული სამსახურეობრივი შემოწმების შედეგების შესახებ.
სახალხო დამცველმა პოზიტიურად შეაფასა ივანე მერაბიშვილის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა. აგრეთვე, მიესალმება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებისას, ძალადობის წინარე ისტორიის ამსახველი მასალების მოძიების ტენდენციას და ამ მიმართულებით დავალებებს შესრულებულად აფასებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმ სახელმწიფო უწყებებს შორის არის, რომელთა საქმიანობის შედეგად საპარლამენტო დავალებების შესრულების მაჩვენებელი შეუსრულებელს აჭარბებს.
საანგარიშო პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების 4 იზოლატორში გაიხსნა სამედიცინო პუნქტი. ასევე, გაუმჯობესდა იზოლატორებში მოთავსებული პირების დაზიანებების დოკუმენტირების ხარისხი.
თუმცა, აქვე უნდა უთქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აღუჭურვავს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები გაუმჯობესებული სამხრე კამერებით. აგრეთვე, არ მიუღია შესაბამისი ზომები, რაც აქციის თუ კონტრაქციის ჩატარებისას ძალადობრივი დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად იქნებოდა მიმართული. დღემდე არ არის დადგენილი ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა, და დაზარალებულთა გამოკითხვის სახელმძღვანელო წესები ძალადობის მსხვერპლთა განმეორებითი ვიქტიმიზაციისგან დასაცავად.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის, და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შეუსრულებელი დავალებების დიდი ნაწილი ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხებს ეხება. სამინისტროს არ განუხორციელებია ფსიქიატრიული დაწესებულებების რეგულარული და სისტემური მონიტორინგი.
ნაწილობრივ შესრულებულად შეაფასა სახალხო დამცველმა სოციალური მუშაკის მიერ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ არასრულწლოვანთა საჭიროებების მუდმივი ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
საქართველოს განათლების მეცნიერების კულტურის და სპორტის სამინისტროს საანგარიშო პერიოდში არ განუსაზღვრავს მოსწავლის სკოლაში ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლის რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი. აგრეთვე, არ შემუშავებულა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ლექციების, სემინარების და ტრენინგების ჩატარებისთვის საჭირო ნებართვის გაცემის მკაფიოდ განსაზღვრული წესები და პირობები. დღემდე მოუგვარებელია N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული პირების საჯარო სკოლაში ჩარიცხვის წესთან დაკავშირებული პრობლემები.
შეუსრულებელი დავალებების პარალელურად სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობის ზრდა. ასევე, სპეციალურ საგანმანათლებო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის დაფინანსების ზრდა.
დასასრულს, სახალხო დამცველის შეფასებით, მიუხედავად წინსვლისა, სახელმწიფო უწყებების საქმიანობა, საპარლამენტო დავალებების შესრულების დინამიკის გათვალისწინებით დამაკმაყოფილებელი არ არის. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მზად არის მუდმივად იყოს ჩართული პროცესში და ყველა დაინტერესებულ მხარეს გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება.