ახალი ამბები

სემინარი გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების საკითხებზე

2018 წლის 22 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ჟურნალისტების, მედია ექსპერტებისა და თემით დაინტერესებული სხვა პირებისთვის გენდერულად მგრძნობიარე გაშუქების საკითხებზე სემინარი გამართა.

სემინარის მონაწილეებმა მოისმინეს ექსპერტების ხედვა ქალთა მოწყვლადი ჯგუფების, ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ მგრძნობიარე და ეთიკური გაშუქების შესახებ.

ორგანიზაციის პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის წარმომადგენელმა ეკატერინე აღდგომელაშვილმა და ადამიანის უფლებების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენელმა თამთა მიქელაძემ ყურადღება გაამახვილეს ქალთა მოწყვლადი ჯგუფების საკითხებზე, კერძოდ შშმ ქალების, მუსლიმი ქალებისა და ლბტ ქალების პრობლემების მედიაში გაშუქებაზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა თამარ დეკანოსიძემ, წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელმა სოფო ტაბაღუამ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა ლელა შენგელიამ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობაზე, ასევე, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე ისაუბრეს.

დასასრულს გამართულ დისკუსიაზე მონაწილეები მაქსიმალურად ჩაერთნენ სხვადასხვა თემის განხილვაში.

სემინარი ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით.

22.06.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)