ახალი ამბები

სემინარები სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დაძლევისა და რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე და თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ანა კვაჭაძე სპეციალური მიწვევით სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ სემინარებს დაესწრნენ.

საერთაშორისო სემინარში თემაზე - „სიძულვილის ენის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების დაძლევის პროცესში თანასწორობის ორგანოების როლი“ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილეს სიძულვილის ენის მძიმე ფორმებით გამოვლინებებსა და სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე ეფექტიან რეაგირებაზე ისაუბრეს და ამ მიმართულებით თანასწორობის ორგანოების შესაძლებლობები განიხილეს, მათი საგანმანათლებლო და უფლებადაცვითი მანდატიდან გამომდინარე. ასევე იმსჯელეს სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისებზე.

სემინარში მონაწილე თანასწორობის ორგანოების წარმომადგენლებმა ეროვნულ დონეზე არსებული გამოწვევები, საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები განიხილეს და კარგი პრაქტიკის მაგალითები გააზიარეს.

„რასიზმისა და რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ რეგიონულ სემინარში მონაწილე დასავლეთ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლებმა რასიზმზე რეაგირების ფარგლებში არსებული მდგომარეობა განიხილეს, დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შედარებითი ანალიზის რეკომენდაციები წარმოადგინეს და ადგილობრივ დონეზე მოქმედების შემდგომი ნაბიჯები დასახეს.

მონაწილეები ასევე, გაეცნენ ამ მიმართულებით ევროპულ დონეზე მიმდინარე უახლესი მოვლენების შესახებ განახლებულ ინფორმაციას და საუკეთესო პრაქტიკებს.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)