სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციების განცხადება
2018 წლის 14 მარტს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც რუსეთისა და ცხინვალის საზოგადოებას, პასუხისმგებელ პირებს მოუწოდეს, ყველა მათ ხელთ არსებულ საშუალებას მიმართონ, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლის გადაეცეს მის ოჯახს.
„სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები: საქართველოს აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, ქურთული, ეზიდური, ბერძნული, ებრაული, ასურული, ლატვიური, უკრაინული, გერმანული, უდიური, ბელორუსული, ქისტური/ჩეჩნური და სხვა ორგანიზაციებისა და თემების წარმომადგენლები ვუსამძიმრებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და გამოვხატავთ ჩვენს აღშფოთებას იმის გამო რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დღემდე არ არის გადაცემული მისი ოჯახისთვის.
ცხედრის გადაუცემლობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალს, ყველა ცივილიზებული ერისა და რელიგიის წეს-ჩვეულებებს და უნივერსალურ ღირებულებებს, მათ შორის უხეშად არღვევს კავკასიური ეთიკის პრინციპებს, რითიც ყველა კავკასიური ეთნოსი ამაყობს.
მივმართავთ რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის საზოგადოების წარმომადგენლებს, რათა ყველამ მოვუწოდოთ შესაბამისი გავლენის მქონე პირებს, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს.
ასევე, მივმართავთ რუსეთის ფედერაციას, როგორც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ფაქტობრივი კონტროლისგანმახორციელებელქვეყანასდა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დე-ფაქტო ხელისუფლებას, რათა საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დაუყოვნებლივ გადასცენ ოჯახს.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს წევრი ორგანიზაციები მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს და ცივილიზებულ სამყაროს მეტი ყურადღება გამოიჩინონ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ და შეიმუშაონ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ოპერატიული და ეფექტური სამართლებრივი რეაგირების მექანიზმები“, – ნათქვამია განცხადებაში.