სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში
2017 წლის 28 ივლისს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თანამშრომლებს შეხვდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრეებს ინფორმაცია მიაწოდეს სამინისტროში მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების შესახებ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დახმარებებზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, შშმ პირებისთვის, მარჩენალდაკარგულთათვის, ლტოლვილთა, დევნილთა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთათვის, ასევე შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხზე. საუბარი შეეხო საპენსიო უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა აღნიშნეს, რომ საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებსაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გამოსცემს ეროვნული უმცირესობების ენებზე ცუდად ვრცელდება რეგიონებში და ადგილობრივი მოსახლეობა არ ფლობს ინფორმაციას იმ სიახლეების, ცვლილებების და რეფორმების შესახებ, რასაც ახორციელებს სამინისტრო.
შეხვედრის დამსწრეებმა გამოთქვეს სურვილი, სამინისტრომ გააკონტროლოს აღნიშნული ბუკლეტების გავრცელების პროცესი რეგიონებში და ასევე სამედიცინო დაწესებულებებში ეთნიკურ უმცირესობების ენებზე იყოს გაკრული საინფორმაციო პლაკატები სხვადასხვა პროგრამის შესახებ.