ახალი ამბები

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა

2016 წლის 27-29 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელზეც ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა, მიღწეული წარმატებები და ძირითადი გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საბჭოს მიერ განსახორციელებელი აქტივობებისა და საქმიანობის უახლოესი პერიოდის გეგმა განსაზღვრეს. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა საბჭოს სტრუქტურული მუშაობის გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხზე ისაუბრეს.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, ტოლერანტობის ცენტრი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA).

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. საბჭოში გაერთიანებულია საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ასზე მეტი ორგანიზაცია. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით ეროვნულ უმცირესობათა საბჭო წარმოადგენს ძირითად საკონსულტაციო ორგანოს სახალხო დამცველისა და სახელმწიფო უწყებებისთვის. საბჭოს საქმიანობას კოორდინაციას უწევს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.

27.10.16 - 29.10.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)