სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭება
2015 წლის 1 მაისს საქართველოს პარლამენტმა „პატიმრობის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე მოცულობით კანონპროექტთა პაკეტი მესამე მოსმენით დაამტკიცა, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის 1 სექტემბრიდან ფოტოგადაღების უფლებას ანიჭებს. მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი სასჯელაღსრულების სისტემაში ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებას ისახავს მიზნად.
კანონპროექტთან დაკავშირებით, 2015 წლის 28 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს წინადადებით მიმართა. წინადადების უმთავრეს საკითხს, საქართველოს სახალხო დამცველისთვის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრისთვის, პენიტენციურ დაწესებულებაში ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭების ინიციატივა წარმოადგენდა. კანონპროექტის განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიესალმა სახალხო დამცველის ინიციატივას და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს სახალხო დამცველთან შეთანხმებული მუხლის ფორმულირების შემუშავებისკენ მოუწოდა. კანონპროექტის განხილვის შემდგომ ეტაპზე საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი კომიტეტის წარმომადგენლის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებისა და სახალხო დამცველის აპარატის მონაწილეობით. მუშაობის პროცესში სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, ფოტოგადაღების უფლება „პატიმრობის კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პაკეტში აისახა.
კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს, პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ფოტოგადაღების უფლება მიენიჭა. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უშუალო განთავსების პირობების, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის, კვების ობიექტის, საერთო სარგებლობის საშხაპის,საერთო სარგებლობისსაპირფარეშოს, შეხვედრის ოთახისა და მათი გასეირნების ადგილების ფოტოგადაღება.
საქართველოს სახალხო დამცველის აზრით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის გაძლიერებისთვის ზემოაღნიშნული უფლებამოსილების მინიჭება უმნიშვნელოვანესია. ის ხელს შეუწყობს როგორც პრევენციისა და მონიტორინგის ფუნქციის კიდევ უფრო ეფექტურად განხორციელებას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ, ასევე, სასჯელაღსრულების სისტემის გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას. ფოტოგადაღების უფლების შეძენა მნიშვნელოვანად გააუმჯობესებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების დოკუმენტირებას, რაც ამ დანაშაულთა ეფექტური გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობისაა.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესში ფოტო გადაღების პრაქტიკა ევროპის მრავალ ქვეყანაში წარმატებით ფუნქციონირებს. მათ შორის, ჩეხეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ლუქსემბურგში, სერბეთში, სლოვენიაში, შვედეთში, მაკედონიაში და სხვა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლებამოსილების მინიჭებას ჩეხმა კოლეგებმაც დაუჭირეს მხარი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართვა გაუგზავნეს.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილება წინგადადგმული ნაბიჯია თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებათა დაცვის, მათ შორის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულის პრევენციისათვის.