სახალხო დამცველმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა
2018 წლის 18 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გ.ო.-ს საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რადგან მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს საქართველოს კონსტიტუციის, ევროპის საბჭოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა“ და საქართველოს სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობის დებულებათა საწინააღმდეგოდ:
- ზოგადი და სპეციალური მუხლებით მსჯავრდების გამო დანაშაულთა სიმრავლის ხელოვნურად შექმნას და პასუხისმგებლობის შესაბამის დამძიმებას
- განაჩენში გამოთქმული ვარაუდის დასადასტურებლად დაუშვებელი მტკიცებულების ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენებას
- მტკიცებულებათა შეფასების თვალსაზრისით დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას, რომელიც დაკავშირებულია სახალხო დამცველის მანდატთან.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილ ადამიანის უფლებათა სტანდარტებზე ყურადღების გამახვილება და მათი შესაბამისად ასახვა სასამართლოს განაჩენში.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საჩივრის განხილვის ფარგლებში უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და წარმოადგინოს დასაბუთებული პოზიცია განსახილველ საკითხებზე, ვინაიდან გ.ო.-ს სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების გადაწყვეტა უშუალო გავლენას ახდენს როგორც ამ კონკრეტულ საქმეში ინდივიდის უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფაზე, ასევე, სასამართლოს შემდგომი პრაქტიკის განვითარებაზე.