სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების დაწესებულებებს წიგნები გადასცა
2015 წლის 23 დეკემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, სასჯელაღსრულების მინისტრთან კახი კახიშვილთან ერთად, სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეხვდა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები გადასცა.
ანგარიშები მსჯავრდებულთა პირობებს, პენიტენციალურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, ინდივიდუალურ საქმეებსა და იმ რეკომენდაციებს მოიცავს, რომლითაც ომბუდსმენმა შესაბამის უწყებებს მიმართა. გამოცემებში ასახულია ასევე ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებები.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და პენიტენციურ სისტემაში ჯერ კიდევ არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს გაუსვა ხაზი.
„თავისუფლება აღკვეთილი პირებისთვის აუცილებელია ინფორმაციის მიწოდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და აქტუალურ საკითხებზე. სახალხო დამცველის აპარატის მიერ მომზადებული ანგარიშები მსჯავრდებულებს დაეხმარებათ მათივე უფლებების დაცვასა და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში, რაც ქვეყნის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევაა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.
სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების 15 დაწესებულების ბიბლიოთეკებს 400–მდე წიგნი, მათ შორის, ანგარიშები და საინფორმაციო ბუკლეტები გადასცა.