ახალი ამბები

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურა წარუდგინა

2018 წლის 16 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი წარუდგინა.

სახალხო დამცველის განცხადებით, მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა კონკურსმა ბევრი ღირსეული ადამიანი გამოავლინა, რაც სამეურვეო საბჭოს პრინციპული, ღირებულებების ერთგული, კრიტიკული წევრებით დასაკომპლექტებლად კარგ შესაძლებლობას უქმნის. სახალხო დამცველმა ამ რთული გადაწყვეტილების მიღებისას დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის წინაშე მდგარი გამოწვევები გაითვალისწინადა მიიჩნია, რომ ზვიად დევდარიანი, რომელიც გაბედული, კვალიფიციური და მოტივირებული ადამიანია, შეძლებს მომდევნო 6 წლის განმავლობაში ღირსეულად და საფუძვლიანად შეასრულოს თავისი მოვალეობა; შეძლებს გავლენა მოახდინოს გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ხარვეზების წარმოშობის შემთხვევაში, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით, დროულად მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება.

ზვიად დევდარიანს სამოქალაქო სექტორში საქმიანობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. ის ამჟამად ხელმძღვანელობს სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA), რომელიც სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზებაზე მუშაობს და ქმედით დახმარებას უწევს დევნილებს, ეკომიგრანტებს, ყოფილ პატიმრებსა და პრობაციონერებს, სიღარიბის ბაზაში მყოფ ადამიანებს, მიგრანტებსა და ეთნიკურ უმცირესობებს. იგი ასევე არის სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის ლიდერი, აქტიურად მონაწილეობს საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში, მათ შორის ქალთა როლის გაძლიერებაზე ბიზნეს სექტორში და არის თვითმმართველობისა და რეგიონული განვითარების საკითხებზე მოუშავე ერთ-ერთი ექსპერტი. პარალელურად, ზვიად დევდარიანი აქტიურადაა ჩართული კამპანიაში „ეს შენ გეხება“, კოალიციაში დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და კოალიციაში ევროატლანტიკური საქართველოსთვის.

16.03.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)