სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა
2017 წლის 31 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მის 11 საჯარო სამართლის იურიდიულ პირს რეკომენდაციით მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის“ (IDFI) საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა სახალხო დამცველისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ 2016 წლის მარტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან გამოითხოვა თანამდებობის პირების, საშტატო და შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურების, პრემიებისა და დანამატების შესახებ ინფორმაცია, აგრეთვე, უწყებათა საშტატო ნუსხები და დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მივლინებებზე, შესყიდულ ქონებასა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები და სხვა საჯარო ინფორმაცია; თუმცა, ყველა ამ უწყებამ მისი განცხადებები უპასუხოდ დატოვა.
საქმის შესწავლის ფარგლებში, გამოთხოვილი ინფორმაცია არც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ, სსიპ იუსტიციის სახლმა, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, სსიპ მონაცემთა გაცვლის სააგენტომ, სსიპ საქართველოს ეროვნულმა არქივმა, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1734 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ხოლო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სსიპ „სმართ ლოჯიქმა“, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ და სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს მოაწოდეს არა მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (განმარტება იმაზე, თუ რა იყო IDFI -ის მოთხოვნის უგულებელყოფის საფუძველი), არამედ IDFI-ის მიერ 2016 წლის მარტში მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტები.
სახალხო დამცველის აპარატის შესწავლის შედეგების მიხედვით, ვინაიდან არ დადასტურდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მხრიდან საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულება, საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა არასამთავრობო ორგანიზაციისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის (ინფორმაციის თავისუფლება) დარღვევა და ამ უწყებებს საჯარო ინფორმაციის გაცემის რეკომენდაციით მიმართა.