სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა
2015 წლის 29 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციურ სარჩელზე „საქართველოს მოქალაქე ლალი ლაზარაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრება წარადგინა.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების ნაწილის მიერ პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად სახელმწიფო კომპენსაციის მიღება, იწვევს იდენტური სტატუსის მქონე უზენაესი სასამართლოს, რაიონული (საქალაქო) სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების არახელსაყრელ და არათანაბარ სამართლებრივ მდგომარეობაში ჩაყენებას, რასაც არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება.
სოციალური დაცვის სფეროში სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეების მიმართ განსხვავებული საკანონმდებლო რეგულაციების გამოყენება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული თანასწორობის უნივერსალური ნორმა-პრინციპის მოთხოვნებს და თავისი არსით, დისკრიმინაციულია.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოსამართლეთა სოციალური დაცვის ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს.