სახალხო დამცველმა საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მიიღო მონაწილეობა
2015 წლის 18-19 ივნისს ბათუმში გაიმართა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებისადმი მიძღვნილი მე-12 საერთაშორისო კონფერენცია - „საქართველოს ევროპული გზა“. კონფერენციას მთავრობის წევრები, დიპლომატიური მისიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ჰერბერტ ზალბერთან შეხვედრაზე ისაუბრეს სახალხო დამცველის მიერ კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ გაწეული საქმიანობის მნიშვნელობაზე. ხაზი გაუსვეს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის მნიშვნელობას, მისი როლის გაზრდას ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით და სახალხო დამცველის უფრო მეტ ჩართულობას ამ პროცესში. ასევე აღინიშნა გალის რაიონში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ჯგუფის შეხვედრების ფორმატის განახლების აუცილებლობა.
სახალხო დამცველი ასევე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარეს, ევროპარლამენტის წევრს საჯად კარიმს შეხვდა და საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ არსებული სიტუაციის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში ბევრი მიმართულებით გაუმჯობესდა მდგომარეობა, მაგრამ არის გამოწვევებიც, მათ შორის უმცირესობების უფლებების დაცვა, ოჯახური ძალადობა, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის და შრომითი ინსპექციის არ არსებობა.
საჯად კარიმმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის საქმიანობის გააქტიურების მნიშვნელობას საქართველოში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს ევროპული გზა შეუქცევადი პროცესია, თუმცა ამ მხრივ საჭიროა მუდმივ რეჟიმში მუშაობა.