სახალხო დამცველმა ქვეყნის გარეთ საქართველოს მოქალაქის უფლების დარღვევის მონიტორინგი განახორციელა
2017 წლის აპრილში საქართველოს სახალხო დამცველმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევის ფაქტის მონიტორინგი განახორციელა. კერძოდ, 7 აპრილს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თურქულ მონაკვეთზე საქართველოს მოქალაქე ცემეს, რის გამოც მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.
ინფორმაციის გავრცელებისთანავე სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა თურქეთის ქალაქ ხოფას საავადმყოფოში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქართველოს მოქალაქე რ.ლ რამდენჯერმე მოინახულა.
დაკავებულმა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან საუბარში დეტალურად გაიხსენა ინციდენტი, რომლის დროსაც თურქმა მესაზღვრე პოლიციელმა მას საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა და ყოველგვარი მიზეზის გარეშე სცემა. დაკავებულს სახის არეში ფიზიკური დაზიანების კვალიც აღენიშნებოდა.
რ.ლ.–ს საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველო ინტენსიურად თანამშრომლობდა თურქეთში საქართველოს კონსულთან და საკონსულოს წარმომადგენლებთან. თავდაპირველად, თურქული მხარე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მხრიდან თურქი მესაზღვრე პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაზე და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობდა, რასაც თითქოსდა მისი დაკავება მოჰყვა. თუმცა, ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებისა და დაკავებული რ.ლ.–ს თურქეთის პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ, მას ბრალი მოეხსნა და მის მიმართ განხორციელებული სავარაუდო ფიზიკური ძალადობის გამო დაზარალებულად იქნა ცნობილი.