სახალხო დამცველმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2017 წლის ანგარიში წარადგინა
2018 წლის 30 აპრილს და 1 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში 2017 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიში მიმოიხილა და მასში ასახული რეკომენდაციები წარადგინა.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მიუხედავად ანგარიშის ფორმატის შემცირებისა, არცერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, განხილვის საგანი, შესწავლილი თუ გამოვლენილი პრობლემა არ დაიკარგება და ზედმიწევნით აისახება სპეციალურ ანგარიშებში, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული თითოეული შემთხვევა თემატურად იქნება ჩაშლილი.
სიცოცხლის უფლების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა თემირლან მაჩალიკაშვილის დაკავების სპეცოპერაციის დროს ძალის პროპორციული გამოყენების საკითხის ობიექტურ და დროულ გამოძიებაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა გამოძიების გამჭვირვალობის მნიშვნელობას.
პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოკვეთა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მძიმე მდგომარეობა. მოშლილი ინფრასტრუქტურა და უკიდურესი სიდუხჭირე დაფინანსების გაზრდის აუცილებლობაზე მიუთითებს.
კვლავ აქტუალურია სამართალდამცავი უწყებების მხრიდან მოქალაქეებთან თანხმობის გარეშე გასაუბრების მანკიერი პრაქტიკა, არ წარმოებს დაკავებულთა შესახებ ოჯახის წევრთა ინფორმირებისა და ადვოკატთან დაკავშირების რეესტრი. გამოწვევას წარმოადგენს იძულებითი ნარკოტესტირება საპოლიციო რეიდების პროცედურული გარანტიები და არასამუშაო პერიოდში პირთა ადმინისტრაციული დაკავების გაზრდილი ვადები.
გახმაურებულ საქმეებზე საუბრისას სახალხო დამცველმა დიდი საერთაშორისო ინტერესის ფონზე, მართებულად მიიჩნია აფგან მუხთარლის გაუჩინარების შემსწავლელი სპეციალური საპარლამენტო კომისიის შექმნა. ისაუბრა ასევე მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზეც. აღნიშნა, რომ დღემდე არ დასრულებულა გამოძიება 2016 წელს პირადი ცხოვრების ჩანაწერების გავრცელების ფაქტებზე.
სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვას სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქმეთა განხილვის გაჭიანურება, მხარეთა თანასწორობის პრინციპის დარღვევა, განაჩენის მიღება დაუსაბუთებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს გადატვირთულობა, დისციპლინური სამართალწარმოება. კრიტიკულად აუცილებელია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლა. შესაცვლელია ასევე მოსამართლეთა დანიშვნისა და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის წესი.
სახალხო დამცველმა ისაუბრა იმ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე, რომლებიც შეუძლებელს ხდის ღირსეულ პირობებში სამუშაოს შესრულებას თავდაცვის სფეროში. გამოიკვეთა პრობლემები სამედიცინო დაზღვევის, შვებულებით და ყოველკვირეული დასვენების უფლებით სარგებლობის პროცესში.
სამუშაო ადგილებზე, მხოლოდ 2017 წელს, 47 ადამიანის დაღუპვა და 106–ის დაშავება შრომითი კანონმდებლობის ხარვეზებს ადასტურებს. საკანონმდებლო ხარვეზები და მონიტორინგის მექანიზმების არაეფექტიანობა იკვეთება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებასთან დაკავშირებით; მწვავედ დგას ქალაქგეგმარებითი პრობლემები, არ არის განსაზღვრული ჯანმრთელობისათვის სახიფათო სამშენებლო მასალების ნუსხა, კრიტიკულად მაღალია ჰაერის დაბინძურების ხარისხი.
არასრულფასოვანი საკანონდებლო ბაზისა და მწირი დაფინანსების შედეგია სოციალური პრობლემები. მათ შორის, დაბალი მინიმალური ხელფასი, სოციალური დახმარების მიმღებთა დასაქმების დემოტივაცია, სოციალური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიაში არსებული ხარვეზები და საარსებო შემწეობის დანიშვნის პროცესის გაჭიანურება; ასევე სათანადო კვების უფლების უზრუნველყოფა და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაცია.
საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა სიცოცხლის, თავისუფლების, არასათანადო მოპყრობის საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. მათ შეზღუდული აქვთ გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, გამოხატვის თავისუფლების უფლება.
დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით, სახალხო დამცველმა საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე გადასვლის აუცილებლობაზე მიუთითა და საქართველოს მთავრობასთან ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.
დღემდე არ არსებობს ეკომიგრანტთა შესახებ სპეციალური კანონი, მწირია მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი. ხშირია ეკომიგრანტთა უკუმიგრაციაც.
კვლავ გამოწვევად რჩება მოქალაქეობის მინიჭებისა და ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ მოთხოვნაზე, ასევე თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მიმართ უარის დასაბუთების ხარისხი.
სახალხო დამცველის განსაკუთრებული წუხილის საგანია ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა, სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პროგრამაში ჩართვის სირთულე. სახელმწიფოს დღემდე არ აქვს შემუშავებული სექსუალური და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვისა და რეაბილიტაციის სისტემა.
პრობლემად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების, ჯანდაცვის, აბილიტაცია–რეაბილიტაციის, დასაქმების, მისაწვდომობის, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლებების სათანადოდ რეალიზების საკითხი.
ხანდაზმულთა დიდი ნაწილისთვის არ არის ხელმისაწვდომი სოციალური სერვისები და ადეკვატური საცხოვრებელი; ასევე, არასაკმარისია მათთვის საჭირო მიზნობრივი პროგრამები.
სახალხო დამცველმა შემაშფოთებლად შეაფასა ქალთა მიმართ ძალადობის მდგომარეობა და ფემიციდის სტატისტიკა. ხშირია ადრეული ქორწინება და ნიშნობები. დაბალია ქალთა აქტივობა პოლიტიკურ პროცესებში. ამ ფონზე განსაკუთრებით სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა პოლიტიკურ საქმიანობაში კვოტირების შესახებ კანონპროექტს.
ანგარიშის თანახმად, თანასწორობის თვალსაზრისით, ყველაზე დაუცველ ჯგუფებს შორის კვლავ რჩებიან ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ლგბტ თემის და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები. სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები კი ყველაზე ხშირად წინასახელშეკრულებო და შრომით ურთიერთობებში ვლინდება.
გამოწვევას წარმოადგენს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება, ასევე, არადომინანტური კონფესიებისთვის ისტორიული რელიგიური ქონების დაბრუნების და ახალი ნაგებობების მშენებლობის საკითხები.
ეროვნული უმცირესობების წინაშე მწვავედ დგას სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემა, რასაც სხვა წინაღობებთან ერთად სახელმწიფო ენის არცოდნაც აღრმავებს. ამასთან, ქვეყანაში არ არსებობს მედიასაშუალება, რომელიც არაქართულენოვან მოსახლეობას საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას მიაწვდის.
საზოგადოებრივი მაუწყებლისადმი სახალხო დამცველის რეკომენდაცია შესყიდვების კანონის წესის ცვლილებასა და გამჭირვალობის სტანდარტის უზრუნველყოფას გულისხმობს.
მოხსენების შემდეგ სახალხო დამცველმა პარლამენტართა კომენტარები მოისმინა და მათ კითხვებს პასუხი გასცა. სახალხო დამცველის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები 14 სახელმწიფო სტრუქტურის ხელმძღვანელმა პირმა წარმოადგინა. ნინო ლომჯარიამ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატი რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის გაზომვის მექანიზმის დახვეწაზე მუშაობს.