სახალხო დამცველმა მშვიდობის საერთაშორისო დღე კინოჩვენებით აღნიშნა
2015 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად საქართველოს სახალხო დამცველმა კინოს სახლში ლიბანელი რეჟისორის ნადინე ლანაკის ფილმის - „საით მივდივართ ახლა?“ ჩვენებას უმასპინძლა.
ფილმის დაწყებამდე, სახალხო დამცველი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და მშვიდობისა და კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა. უჩა ნანუაშვილმა სიტყვით გამოსვლაში ხაზი გაუსვა კონფლიქტების მოგვარების საკითხში მოქალაქეების და კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის აუცილებლობას. მისი განცხადებით „თითოეულ ჩვენთაგანს აკისრია პასუხისმგებლობა და შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ კონფლიქტების პრევენციასა და ურთიერთობების ნორმალიზებაში, რადგან მშვიდობა ჩვენი უფლებაცაა და ვალდებულებაც“.
ფილმი სხვადასხვა აღმსარებლობის ქალთა და სასულიერო ლიდერთა როლზე მოგვითხრობს, რომლებიც ცდილობენ ლიბანის ერთ-ერთ სოფელში, დაპირისპირებულ თემებს შორის მზარდი კონფლიქტი აიცილონ.
ღონისძიების მხარდამჭერია „აჰუაჰუ - ფონდი კულტურის განვითარებისთვის“ და „ეროვნულ კინემატოგრაფისტთა კავშირი“. სპეციალურად ღონისძიებისათვის, ფილმი ქართულად თარგმნა adjaranet.com -მა.
21 სექტემბერი მშვიდობის საერთაშორისო დღეა და ის ხალხთა შორის მშვიდობის იდეის გაძლიერებას და გავრცელებას ემსახურება. მშვიდობის საერთაშორისო დღე პირველად 1982 წელს აღინიშნა, 2001 წელს კი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი ცეცხლის შეწყვეტის და ძალადობისგან თავის შეკავების დღედ გამოაცხადა.