სახალხო დამცველმა მოქალაქეს მიმართ პოლიციის მხრიდან შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მოქალაქე დ.ხ.–ს მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ.
განმცხადებლის განმარტებით, 2015 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისში, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ჩასვეს ავტომანქანაში, სადაც ერთ–ერთმა პოლიციელმა სახის არეში დაარტყა. შემდეგ დაკავებული გადაიყვანეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი–ნაძალადევის სამმართველოს მე–8 განყოფილებაში, შეიყვანეს ერთ–ერთ ოთახში და მასზე ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.
დ.ხ.–ს სხეულზე არსებული დაზიანებები დაფიქსირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და მცხეთა–მთიანეთის დროებითი მოთავსების იზოლატორის გარეგნული დათვალიერების ოქმში.
მოქალაქის თქმით, პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და 2015 წლის 10 ნოემბერს თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.