სახალხო დამცველმა ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ კანონიერებასთან დაკავშირებით კონსტიტუციური სარჩელი წარადგინა
საქართველოს სახალხო დამცველმა 2015 წლის 20 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც გაასაჩივრა ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ მთლიანი პროცედურა, პირის წარდგენიდან, მის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ სასამართლო დადგენილების გამოტანის ეტაპამდე.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პირის ადმინისტრაციული წესით „წარდგენა“ თავისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე უტოლდება თავისუფლების შეზღუდვას. გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები, ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს ყველა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აუცილებელია შეზღუდვა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისთვის, თანაც ისე, რომ თავისუფლება შეზღუდული პირი ვერ სარგებლობს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიებით.
სარჩელით, ასევე, სადავოდ არის გამხდარი პროცედურა, რომელსაც თავისუფლებაშეზღუდული პირი ექვემდებარება შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში წარდგენას. კერძოდ, ნარკოლოგიური გამოკვლევის შესახებ კანონმდებლობის ბუნდოვანება ერთი მხრივ, იწვევს უფლებამოსილი პირის თვითნებობის რისკს, ხოლო, მეორე მხრივ, შეუძლებელს ხდის გამოსაკვლევმა პირმა განსაზღვროს თუ რა სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს ტესტირებაზე უარი. შესაბამისად, სახეზეა ერთგვარი იძულებითი გამოკვლევა, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის როგორც პიროვნების ღირსების ასევე პირადი ცხოვრების უფლებასთან.
ამასთანავე, ბიოლოგიური მასალის ნიმუში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს პირის წინააღმდეგ როგორც ადმინისტრაციული, ისე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასადგენად. ეს უკანასკნელი კი, წარმოადგენს ჩარევას პირის უფლებაში არ მისცეს თავისი ან ახლობელთა „საწინააღმდეგო ჩვენება.“
იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი დაამტკიცებს რომ იგი უკანონოდ იქნა დაკავებული, ეს გარემოება არ გამოიწვევს, ამ დაკავების საფუძველზე განხორციელებული ნარკოლოგიური გამოკვლევის უკანონოდ ცნობას. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამართალდარღვევათა დადგენა ხორციელდება ცალმხრივად, პოლიციის მიერ, ხოლო შესაბამის პირს არ გააჩნია უფლება, მის მიმართ განხორციელებული თავისუფლების შეზღუდვის და მის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვების პროცესი დაუქვემდებაროს ეფექტურ სასამართლო განხილვას.
სადავო ნორმებით პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ეკისრება, თუ ლაბორატორიული გამოკვლევებით დასტურდება მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება არის იურიდიული ფაქტი და არა კლინიკური შემთხვევა, რომლის არსებობა უნდა დაადგინოს სასამართლომ, ყოველი კონკრეტული საქმიდან გამომდინარე. სასამართლო არ უნდა იყოს შეზღუდული დადგენილი ფაქტის სამართალდარღვევად ცნობის ვალდებულებით. ეს უკანასკნელი, იმდენად ზღუდავს სასამართლო დაცვის უფლების ფარგლებს, რომ განხილვას აზრს უკარგავს და შესაბამისად წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან.
ამრიგად, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ, ნარკოტიკულ სამართალდარღვევათა დადგენის წესი წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის რიგ ნორმებთან და საჭიროებს გადახედვას.