სახალხო დამცველმა ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის შესწავლისას გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა მოითხოვა
2017 წლის 7 დეკემბერს სახალხო დამცველმა ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს რეკომენდაციით მიმართა.
სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე ლ.მ.–სთვის საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერება და მიიჩნია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ადმინისტრაციულმა ორგანომ დააფუძნა არა საქმეში გამოკვეთილ სამართლებრივ საფუძველს, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტს, რომლის არსებობაც წინამდებარე საქმეზე არ დადასტურდა. აღნიშნულმა გამოიწვია სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსაბამო დასაბუთება, რამაც არსებითად ხელყო ლ.მ.–სკანონიერი ინტერესები.
რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა ბინადრობის ნებართვებთან დაკავშირებით მიღებულ უარყოფით გადაწყვეტილებებში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აისახოს და დასაბუთდეს მართებული, რელევანტური სამართლებრივი საფუძველი, ხოლო სახელმწიფო უსაფრთხოების არგუმენტი მხოლოდ კანონით მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებსა და შემთხვევებში იქნას გამოყენებული.