სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა ქვემო ქართლის გუბერნატორთან
2016 წლის 30 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან - გუბერნატორთან პაატა ხიზანაშვილთან. შეხვედრას უძღვებოდა საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი.
ქვემო ქართლის გუბერნატორმა ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საქმიანობებსა და პროგრამებზე. მან ხაზი გაუსვა ღიაობის პოლიტიკას, რაც მისი მოსაზრებით, მოქალაქეთა აქტიურ ჩართულობასა და პრობლემების მოგვარების მეტ შესაძლებლობას იწვევს.
სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა და სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის ხელმძღვანელმა ზაურ ხალილოვმა წარმოადგინეს მოხსენებები ქვემო ქართლში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.
კობა ჩოფლიანმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რეგიონში მედიისა და ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე და ასევე წინაასაარჩევნოდ თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე.
ზაურ ხალილოვმა ისაუბრა იმ დამაბრკოლებელ ფაქტორებზე, რომელიც რეგიონის მეტ განვითარებას უქმნის ბარიერებს; მისი მოსაზრებით ეს არის სუსტი დეცენტრალიზაციის პოლიტიკა და უსაფრთხოების მოტივით, ბიუროკრატიული ბარიერების შექმნა ინვესტორებისათვის.
მოხსენებების შემდეგ გამართული დისკუსიისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის (ქვემო ქართლის რეგიონში მომლოდინეთა სიაში რამდენიმე ათასზე მეტი ბავშვია), წალკელ ბერძენთა საკუთრებისა და სარწყავი წყლით მომარაგების პრობლემებს. გუბერნატორის ინფორმაციით, ბოლოს წლებში ერთი მესამედით გაიზარდა სარწყავი ინფრასტრუქტურის სიგრძე, თუმცა ეს მოსახლეობის სარწყავით უზრუნველყოფის პრობლემას სრულად ვერ აგვარებს.
შეხვედრა შეაჯამა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და გამოთქვა სურვილი მსგავს შეხვედრების რეგულარულ რეჟიმში მოწყობისა.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, ტოლერანტობის ცენტრი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).