ახალი ამბები

სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის საკომიტეტო მოსმენა

2016 წლის 5 მაისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2015 წლის ანგარიში განიხილეს.

სიტყვით გამოსვლისასსაქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2015 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ ტენდენციებზე ისაუბრა. მოკლედ მიმოიხილა 1259 გვერდიანი საპარლამენტო ანგარიშის თემატიკა, მათ შორის დახურულ ინსტიტუციებში არსებული ვითარება, წვევამდელთა, სამხედრო მოსამსახურეთა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობა, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის და სასჯელის აკრძალვის საკითხები, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების მნიშვნელობა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, სამართლიანი სასამართლოს უფლება, გამოხატვის თავისუფლება, პირადი და ოჯახური ხელშეუხებლობის უფლება, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება, აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება, ეთნიკური უმცირესობათა პრობლემები. ასევე წარმოადგინა ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები.

უზენაესისასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, იუსტიციისმინისტრისმოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს და თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. გამომსვლელები აღნიშნავდნენ, რომ ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულების პროცესშია. თუმცა, სახალხო დამცველის აზრით, ზოგიერთი რეკომენდაცია უკვე რამდენიმე წელია მეორდება, ვინაიდან, მიუხედავად აქტუალობისა, ადრესატებს ისინი კვლავ არ გაუთვალისწინებიათ.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ მსგავსი ფორმატი ხელს შეუწყობს საპარლამენტო ანგარიშში ასახული მნიშვნელოვანი რეკომენდაციების შესრულებას ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მიერ და შესაბამისად, აამაღლებს ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ ანგარიშვალდებულებას.

5.05.16




სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)