სახალხო დამცველის წინადადება დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ
2017წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მოსამართლის მოვალეობების არაჯეროვნად შესრულებასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებელი მიუთითებდა, რომ სასამართლომ შუამდგომლობა მის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და შუამდგომლობა დააკმაყოფილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ დადგინდა, რომ სადავო განჩინების მიღების დროისათვის (2017 წლის 9 აგვისტო), შესაბამისი ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით, უკვე არაკონსტიტუციურად იყო ცნობილი. შესაბამისად, მოსამართლემ განჩინება მიიღო ძალადაკარგულ ნორმაზე დაყრდნობით.
სახალხოდამცველის მითითებით, საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა უკავშირდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო შეთანხმებებით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რომელიც, თავის მხრივ, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ერთგვარ საზომად განიხილება. ამასთან, მსგავს შემთხვევაში ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის განხილვა არღვევს დაცვის უფლებასაც, რადგან პირს საერთოდ არ აქვს მტკიცებულებების წარდგენის, საკუთარი პოზიციის პირადად ან დამცველის მეშვეობით დაფიქსირების, დაცვის შესაძლებლობა.
სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა, რომ სახეზე არ იყო კანონის არასწორი განმარტების შემთხვევა, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება ქმნის იმპერატიულ მოთხოვნას მოსამართლეთათვის, რომ საკითხი განიხილონ და გადაწყვიტონ მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი მოსმენის გზით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიმართ და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად, განახორციელოს კანონის შესაბამისი რეაგირება.