სახალხო დამცველის წინადადება ადმინისტრაციულ პროცესში სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის შემოღების შესახებ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა
2014 წლის 15 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში „სასამართლოს მეგობრის“ (Amicus Curiae) ინსტიტუტის შემოღებას.
საქართველოს პარლამენტმა გაითვალისწინა სახალხო დამცველის წინადადება და 2015 წლის 3 ივლის განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს დაემატა 161 მუხლი, რომელიც საშუალებას აძლევს არა მხოლოდ სახალხო დამცველს, არამედ ნებისმიერ პირს, საქმის არსებით განხილვამდე სასამართლოს წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება.
აღსანიშნავია რომ, „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაინერგა და კონტინენტური ევროპის სამართლებრივ სისტემაში წარმატებით მოქმედებს, აქტიურად იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც.
„სასამართლოს მეგობარი“ წარადგენს ნორმატიული ან ფაქტობრივი ხასიათის ინფორმაციას, რომლის მიზანია სასამართლოს დაეხმაროს განსახილველი საკითხის სათანადოდ შეფასებაში. „სასამართლოს მეგობარი“ არ არის არც პროცესის მხარე და არც მესამე პირი. ამავდროულად, მოსაზრების წარდგენის მიზანს არ წარმოადგენს პროცესის მონაწილე რომელიმე მხარის მხარდაჭერა.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს რომ, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას, სადაც პროცესის მხარე არის სახელმწიფო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახალხო დამცველსა და საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება საკუთარი მოსაზრება წარუდგინოს სასამართლოს. „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი, ხელს შეუწყობს სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხის ამაღლებას, რადგან სასამართლო უფრო მეტ წყაროს დაეყრდნობა. ამასთანავე, იგი გაზრდის საზოგადოების ჩართულობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში და სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ ნდობის ხარისხს.
საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს აღნიშნულ ცვლილებებს და მოუწოდებს სამოქალაქო საზოგადოებას აქტიურად გამოიყენოს „სასამართლოს მეგობრის“ ინსტიტუტი.