სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმების შესახებ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
2017 წლის 2 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა ნიკა კვარაცხელიამ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ორგანიზებით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელსაც სხვადასხვა სახელმწიფოს აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გამართულ ღონისძიებაზე ადამიანის უფლებათა ეროვნული სამოქმედო გეგმების მნიშვნელობა, მოქმედი გეგმების დადებითი და უარყოფითი მხარეები, იმპლემენტაციის თვალსაზრისით არსებული გამოცდილება და გამოწვევები განიხილეს.
სამუშაო შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს სამოქმედო გეგმების შემუშავების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობის, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ანგარიშების გათვალისწინების და გეგმის შესრულების ინდიკატორების განსაზღვრის, მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს კომუნიკაციის სტრატეგიას და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ასევე სასურველია ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმებში ასახული იყოს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნა საქართველოს სახალხო დამცველის ერთ-ერთი უმთავრესი რეკომენდაცია იყო. მისასალმებელია ის ფაქტი, რომ 2014 წლის 30 აპრილს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2014-2020 წლებისთვის). ამის შემდგომ, საქართველოს მთავრობის განკარგულებით დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2014-2015 წლებისთვის, ხოლო 2016 წელს დამტკიცდა ახალი სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისთვის. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ეს დოკუმენტები მაქსიმალურად უნდა მოიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს და მათთან გამკლავების პრაქტიკულ გზებს. ამასთან, ამ დოკუმენტებით განსაზღვრული მიზნები და ამოცანები ზედმიწევნით უნდა სრულდებოდეს.