სახალხო დამცველის ვიზიტი ისრაელში
2015 წლის 12 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და ისრაელის სახელმწიფო ფინანსურმა აუდიტმა და ომბუდსმენმა იოზეფ შაპირამ იერუსალიმში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორი ქვეყნის ადამიანის უფლებათა დამცველი ინსტიტუტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას; მათ შორის, მხარეთა მიერ აქტიურ თანამონაწილეობას საერთო ინტერესის ამსახველ სხვადასხვა კონფერენციებსა და შეხვედრებში; თანამშრომელთა პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით, სასწავლო ვიზიტებისა და სემინარების მოწყობა/ორგანიზებას; მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა და საქმიანობათა შესახებ ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ურთიერთგაცვლას.
საქართველოს სახალხო დამცველი ასევე შეხვდა ისრაელის საგრეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორის მოადგილეს ზვი რავნერსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
საქართველოს სახალხო დამცველი იერუსალიმში ისრაელის მთავრობის მიწვევით იმყოფება, სადაც 12-14 მაისს მონაწილეობას მიიღებს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამართულ მე-5 გლობალურ ფორუმში.
ფორუმის მიზანია ანტისემიტიზმის თვალსაზრისით მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შეფასება, ასევე საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი რეაგირების ეფექტური ფორმების შემუშავება. დღის წესრიგში ორი ძირითადი საკითხია: 1. ინტერნეტსა და სოციალურ მედიაში ანტისემიტიზმისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა; 2. ანტისემიტიზმის ზრდა ევროპაში და რეაგირების საშუალებები.