სახალხო დამცველის თბილისის და ბათუმის ოფისებში შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების მონიტორინგი ჩატარდება
სახალხო დამცველი უკვე არაერთი წელია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, შეიქმნას შრომის პირობების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი და ხაზს უსვამს მსგავსი მონიტორინგის აუცილებლობას არა მარტო მავნე და საშიშპირობებიან, არამედ სხვა, მათ შორის, საჯარო სამსახურებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ინსპექტირების მექანიზმს, მონიტორინგის მიზნით შეეძლოს ყველა ობიექტზე წინასწარი შეტყობინებისა და ნებართვის, მათ შორის, სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლა.
დღეს მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო არ ავალდებულებს დაწესებულებებს დაუშვან შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები ობიექტის შესამოწმებლად, რაც აკნინებს მექანიზმის ეფექტურობას. შესაბამისად, სხვა საჯარო სამსახურებისთვის მაგალითის მიცემის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა თანხმობა განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის ოფისში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ ინსპექტირების ჩატარებაზე და შესაბამისი წერილით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს უკვე მიმართა. დამატებით, სახალხო დამცველმა შემოწმების ჩატარება ბათუმის ოფისშიც მოითხოვა.
საქართველოს სახალხო დამცველის თბილისის ოფისში არსებული მძიმე და არაუსაფრთხო სამუშაო პირობების გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა 2013 წლიდან დღემდე არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავრობას, კანონით დადგენილი წესით მომხდარიყო შრომისათვის შესაბამისი შენობის გამოყოფა, რაც დღემდე არ არის დაკმაყოფილებული. საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის 2016 წლის 29 იანვარს გაგზავნილ კიდევ ერთ მიმართვასა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 30 დეკემბრის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნინო რამიშვილის ქუჩაზე მდებარე სახალხო დამცველის აპარატის შენობის საძირკველი განიცდის დეფორმაციას, მოსალოდნელია მზიდი კონსტრუქციების მნიშვნელოვანი დაზიანება და შენობა არ არის უსაფრთხო. პრემიერ–მინისტრისთვის გაგზავნილ მიმართვაში საუბარია იმაზეც, რომ სამუშაო ფართის სიმცირის გამო ოფისში ფაქტობრივად გაუქმდა ბიბლიოთეკა და სასადილო ოთახი, ხოლო აპარატში დასაქმებულთა ნაწილს მუშაობა უწევს ნახევრად სარდაფის ტიპის სამუშაო ოთახებში.
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მსგავსი შემოწმების ჩატარება მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის ბათუმის ოფისშიც, რომლის სამუშაო პირობები არის ასევე მძიმე და არ არის უსაფრთხო.
სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა იქნება კიდევ ერთი საფუძველი იმისა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს თბილისში სამუშაოს შესრულებისათვის ადეკვატური და უსაფრთხო შენობა გამოეყოს, რომელიც არ შეუქმნის საფრთხეს თანამშრომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
აქვე საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის ადვოკატირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 11 სექტემბერს დაიწყო საინფორმაციო კამპანია – „გახადე შრომა უსაფრთხო“. კამპანიის ფარგლებში სახალხო დამცველმა საზოგადოების წინაშე გამოკვეთა შრომის პოლიტიკის კუთხით არსებული გამოწვევები, საჭიროებები და განსახორციელებელი ცვლილებები. ჩატარდა სემინარები ჟურნალისტებისთვის, მომზადდა სხვადასხვა ტიპის ბეჭდური საინფორმაციო მასალა, გაიმართა შეხვედრები დასაქმებულებთან. ასევე, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ჩართულია შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტის ცვლილებების სამუშაო ჯგუფში, სადაც სახალხო დამცველმა საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინა.