სახალხო დამცველის შეხვედრები კახეთში
2017 წლის 20–21 ნოემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ადამიანის უფლებებზე და კახეთის რეგიონში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით, ქალაქ საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების თივისა და ზინობიანის, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდას, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლების ხორნაბუჯისა და ჭოეთის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების არეშფერანისა და კაბალის, ასევე კაბალის თემის სოფლების უზუნთალას, განჯალას და ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდა.
რეგიონში საერთო პრობლემას წარმოადგენს საკარმიდამო და სახნავ–სათესი მიწების რეგისტრაციის სირთულე, არ მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, უმეტეს სოფლებში არ არის ამბულატორია, წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და ისიც სასმლად უვარგისია. ასევე, მოსახლეობის თქმით, უმეტესობას სოციალურ დახმარება მოეხსნა, რისი მიზეზიც მათთვის გაურკვეველია.
საგარეჯოში სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს სკოლების და საბავშვო ბაღების შენობები. ქალაქში ფუნქციონირებს ერთი საავადმყოფო, რომელსაც სიმცირის გამო, უჭირს პაციენტების მიღება და ამიტომ მოსახლეობას სამედიცინო მომსახურეობის მიღება დედაქალაქში უწევს. ადგილობრივების თქმით, 2004 წელს სოფელ პატარძეულისა და ნინოწმინდის სიახლოვეს მდებარე ნავთობის ჭაბურღილის ავარიისა და ნავთობის ამოფრქვევის შემდეგ, რაიონში გახშირებულია ონკოლოგიური და ალერგიული დაავადებები, ჯანმრთელობას დამატებით საფრთხეს უქმნის ნახშირის კოქსვა.
სოფელ ჭოეთში არ არის სკოლა, საბავშვო ბაღი, მაღაზია, მოშლილია საგზაო ინფრასტრუქტურა, არ მიმდინარეობს გაზიფიკაციის პროცესი, ელექტროენერგია მოსახლეობას შეზღუდულად მიეწოდება.
კაბლის თემი ძირითად აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობითა არის დასახლებული. ქართული ენის არცოდნის გამო, სახელმწიფო თუ ადგილობრივი სერვისები მოსახლეობისთვის ხელმიუწვდომელია და საზოგადოებაში ინტეგრაციასაც ართულებს. თემში არ არის საბავშვო ბაღი და ენის ბარიერის გამო სკოლებში სწავლის პრობლემა დგას. სახელმწიფო ენის სასწავლად ბავშვები სოფელ ბაისუბნის საბავშვო ბაღში დაყავთ. ელექტროენერგიის დაბალი ვოლტაჟის გამო მწყობრიდან გამოდის საოჯახო ტექნიკა, ზოგიერთი უბანი კომუნალური კომუნიკაციის გარეშეა დარჩენილი. ადგილობრივების თქმით, კაბლის პირველი საჯარო სკოლა 1975 წლის შემდეგ არ გარემონტებულა და საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას. თემს არ აქვს კულტურის სახლი, არცერთ სოფელში არ არის ამბულატორია. ადგილობრივებისთვის მნიშვნელოვანია მეჩეთის საკითხიც, შენობა საქართველოს საპატრიარქოსგან განსხვავებით, სახელმწიფოს ბალანსზეა და არა – თემის საკუთრებაში.
არეშფერანის თემი ადგილობრივებთან ერთად აჭარელი ეკომიგრანტებითა და ოსური წარმოშობის მოსახლეობით არის დასახლებული. მოსახლეობის ნაწილი სოციალური დახმარების შეწყვეტას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს. არეშფერანის საბავშვო ბაღი საჯარო სკოლის შენობაში გამოყოფილ რამდენიმე ოთახში ფუნქციონირებს. სოფელს აქვს შიდა გზების კეთილმოწყობისა და განათების პრობლემა, სოფელში არ არის ამბულატორია, მაღალია მოსახლეობის მიგრაციაც.
სოფელი თივის მოსახლეობის თქმით, ელექტროენერგიის მომწოდებელი კომპანიის ცვლილების გამო დაეკისრათ შეუსაბამოდ მაღალი გადასახადი. ქვითრებში აღნიშნული თანხა რამდენჯერმე აღემატება რეალურად მოხმარებულს. სოფელი ავარების თემით არის დასახლებული და აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე თივის საჯარო სკოლაში უკვე ერთი წელია ასწავლიან ავარულ ენას. როგორც სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, დაბინძურებულია სასმელი წყალი და წყლის მოტანა შორი მანძილიდან უწევთ. მოსახლეობა მეზობელი სოფლების ამბულატორიებით სარგებლობს, რაც ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოსაწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურაც. სოფელში არ არის საბავშვო ბაღი, ფუნქციონირებს მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამა. სკოლის სპორტდარბაზი მოსაწესრიგებელია. მოსახლეობას სურს საკუთარი ხარჯით სოფლის ცენტრში სამლოცველოს აშენება თუმცა, ნებართვის მოპოვებას ვერ ახერხებენ. თივის სკოლაში სახალხო დამცველმა ბიბლიოთეკაც მოინახულა, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილის ეკატერინე სხილაძის მიერ მოეწყო, კატო მიქელაძის სახელობის პრემიის ფარგლებში.
სახალხო დამცველის რეკომენდაციით, უდინებით დასახლებულ ზინობიანის საჯარო სკოლაში 2016 წლიდან უდინური ენა ისწავლება. მოსახლეობის თქმით, არ ყოფნით საძოვრები, მათი ძირითადი შემოსავლის წყარო კი მესაქონლეობაა. ზინობიანში არ არის ამბულატორია და სოფელ გავაზის ამბულატორიით სარგებლობენ. არ არის სპორტდარბაზი, გარე განათებები, საბავშვო მოედანი. ინფრასტრუქტურულად კეთილმოუწყობელია კულტურის სახლის ეზო.