ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრები ბრიუსელში

2017 წლის 12-13 ოქტომბერს, ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ევროკომისიაში, ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე მიმოიხილა ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა საქართველოში, სასამართლო სისტემის ხარვეზები, მედიაგარემო, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები, გალში ქართული ენის სწავლების აკრძალვის საკითხი და უსაფრთხოების გამოწვევები. ინფორმაცია მიაწოდა ანტიდისკრიმინაციული კანონის იმპლემენტაციის დეტალებზე, უმცირესობათა უფლებებზე, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებულ ვითარებაზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე. საუბარი შეეხო ასევე, სამართალდამცველთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტების გამოძიების ხარვეზებს, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობას, სამუშაო ადგილებზე გარდაცვალება-დაშავების გახშირებულ ფაქტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ევროპელი ოფიციალური პირები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დეტალურად დაინტერესდნენ საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობით, მართლმსაჯულების საკითხებით და აფგან მუხთარლის საქმით.

სახალხო დამცველი ბრუსელში შეხვდა ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მრჩეველს საქართველოს საკითხებში ჰანა იანსს, ევროპარლამენტის წევრი ანა მარია გომეშს, საგარეო ქმედებათა სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ სამეზობლოს თანამშრომლობის სამმართველოს უფროსს ბორის იაროშევიჩს და საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილეს დარკ ლორენცს; ასევე, ევროკავშირის განსაკუთრებულ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში სტავროს ლომბარდინის, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის განსაკუთრებული წარმომადგენლის მრჩეველს საქართველოს საკითხებში ბიორნ კუნესს, ნატოს მისიის ქალთა მშვიდობისა და უსაფრთხოების ოფისის ხელმძღვანელს ჯეკი დოუს.

საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა „ღია საზოგადოება –ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის“ ორგანიზებით გაიმართა.

12.10.17


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)