ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან

2015 წლის 20 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშებში სასამართლო ხელისუფლებასთან მიმართ დაფიქსირებული ხარვეზები, გაცემული რეკომენდაციები და მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების ფარგლებში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები.

სახალხო დამცველმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილების გაზრდის ინიციატივა გააცნო. ინიციატივა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებისა და საერთო სასამართლოების კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების კონსტიტუციურობის შემოწმებას გულისხმობს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კანონპროექტის საჯარო განხილვებში აქტიურად ჩართვის მზაობა გამოთქვა.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ სახალხო დამცველს ომბუდსმენის მანდატის გაძლიერების ხედვა წარმოუდგინა. ნინო გვენეტაძის განცხადებით მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებაზე, რაც იუსტიციის საბჭოსთვის გაგზავნილი რეკომენდაციებისა და წინადადებების სავალდებულო გადამოწმებასა და საჭიროების შემთხვევაში მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყებას გულისხმობს.

სახალხო დამცველი და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ; დაიგეგმა ერთობლივი განხილვები და შეხვედრები, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების კუთხით მჭიდრო კონსულტაციებს გულისხმობს.


20.05.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)