ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა ქართულ დიასპორასთან

2015 წლის 10 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ბრიუსელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. სახალხო დამცველმა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის კითხით არსებული მდგომარეობა გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა. განსაკუთრებულად გაუსვეს ხაზი ემიგრანტთა უფლებების დასაცავად საქართველოს სახალხო დამცველთან ურთიერთობის გაძლიერების შესაძლებლობას.

როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, უცხოეთში მცხოვრები ქართველების ერთ–ერთ მთავარ პრობლემას სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა წარმოადგენს, ხოლო ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურები, რომლის გავლასაც საქართველოს შესაბამისი უწყებები ითხოვენ, ხელოვნურად ართულებს ორმაგი მოქალაქეობის მიღების საკითხს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საკუთარ ქვეყანასთან კავშირის შესანარჩუნებლად, გარკვეულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება.

მწვავედ დგას ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის პრივატიზაციის საკითხი; ხშირია არალეგალურ პირთა სამშობლოში დაბრუნება (დეპორტაცია), რაც ზოგჯერ უფლებების შელახვით მიმდინარეობს.

სახალხო დამცველი გეგმავს შეისწავლოს ქართული დიასპორის საჭიროებები და რეკომენდაციით მიმართოს შესაბამის უწყებებს.

10.06.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)