სახალხო დამცველის შეხვედრა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან
2015 წლის 4 მაისს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს შეხვდა. პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველის აპარატში თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის ახლადშექმნილი დეპარტამენტის მუშაობის სტრატეგია და გეგმები განიხილეს. ხაზი გაუსვეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გენდერულ საკითხებს, ვეტერანთა მდგომარეობასა და გასაჩივრების წესის დახვეწას. გარდა ამისა, სახალხო დამცველმა სპეციალური კვლევების ჩატარების აუცილებლობასა და საგანმანათლებლო საქმიანობაზე ისაუბრა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თავდაცვის სფეროს წარმომადგენელთა უფლებების ფუნდამენტურად დაცვის მიზნით სახალხო დამცველის აქტიური ჩართულობა და პოზიტიური როლი დადებითად შეაფასა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე და თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი თამარ გაბიანი. მხარეები სამომავლოდ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.