ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა ოზურგეთის მოსახლეობასთან

სახალხო დამცველი ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორს და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა. მოსახლეობასთან შეხვედრაზე გამოიკვეთა მთელი რიგი სოციალური ხასიათის პრობლემები: სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფა, სახელმწიფო პროგრამების შესახებ მოქალაქეების არასათანადო ინფორმირებულობა, საკუთრების აღიარებასთან დაკავშირებული სირთულეები, დასაქმების მცირე შესაძლებლობები, სოციალური შემწეობის მისაღებად არსებული ხანგრძლივი პროცედურები, საბავშვო ბაღების არასაკმარისი რაოდენობით გამოწვეული გადატვირთულობა.

განსაკუთრებით მწვავე მდგომარეობაა ე.წ. კომბინატის დასახლებაში, სადაც 28 ოჯახი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. საზღვრის ერთჯერადად გადაკვეთის გამო მათ უმრავლესობას შეუჩერდა სოციალური დახმარება.მიუხედავად იმისა, რომ „კომბინატის“ დასახლებაში ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა 50 წელზე მეტია ცხოვრობს, ამ დრომდე ვერ ხერხდება ფართების საკუთრებაში გადაცემა. შენობების უმრავლესობა ბარაკის ტიპისაა და საგრძნობლად დაზიანებულია, გაუმართავი კანალიზაციის შედეგად უხვი ნალექის შემთხვევებში ტერიტორია იტბორება და სანიტარული მდგომარეობა საგანგაშო ხდება. აღნიშნულ დასახლებაში უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება ხანდაზმულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომელთა შორისაც ზოგიერთს არ გააჩნია ეტლი. ბავშვებს არ აქვთ სათამაშო მოედანი.

„ნამდვილად უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს ამ ადამიანების ცხოვრების არასათანადო დონე. სახელმწიფო ვალდებულია მიმართოს ყველა ძალისხმევას, რათა არსებული ვითარება შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადებში გამოსწორდეს. უმწვავესი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოებს მეტი აქტიურობა მართებს. ჩვენ ვგეგმავთ საფუძვლიანად შევისწავლოთ აქ დასახლებული ოჯახების პრობლემები და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში შევიმუშაოთ შესაბამისი რეკომენდაციები“, - განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ.

დღის ბოლოს სახალხო დამცველი ოზურგეთის მერს ბეგლარ სიორიძეს დაგურიის გუბერნატორის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ქეთევან მოისწრაფიშვილს შეხვდა. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია სოფლის რწმუნებულებმა გააქტიურონ მუშაობა და მოსახლეობას რეგულარულად მიაწოდონ ინფორმაცია სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების შესახებ, რადგან შეხვედრებმა დაადასტურა, რომ ხშირ შემთხვევებში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არ ფლობს საკმარის ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სიკეთეების თაობაზე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მათთვის ცნობილია მრავალი პრობლემის შესახებ და ისინი ეტაპობრივად შეეცდებიან მათ მოგვარებას. სახალხო დამცველმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა კონკრეტული წინადადებებით მიმართოს ცენტრალურ ხელისუფლებას იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც მათ პირდაპირ გამგებლობას განეკუთვნება.



სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)