სახალხო დამცველის შეხვედრა მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობასთან
2017 წლის 27-29 ივნისს სახალხო დამცველიუჩა ნანუაშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩანადირებისა და მუგუდას და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფლების ალმასიანის, ოქროყანას, ცდოს, აბანოს და გველეთის ადგილობრივ მოსახლეობას და თვითმმართველობის ორგანოების ხელმძღვანელებს შეხვდა.
მაღალმთიან დასახლებულ პუნქტებში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ მიგრაცია რჩება. სოფლების ნაწილში არ არის ბუნებრივი აირი, არ მიეწოდება სასმელი წყალი, მოუწესრიგებელია საგზაო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთ საზღვრისპირა სოფელში არ მოქმედებს მობილური კავშირი, არ არის ელექტროენერგია, ხარვეზებია ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის კუთხით. მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ახერხებს სასოფლო სამეურნეო და საკარმიდამო მიწების რეგისტრაციას, მიწის საბუთების ნაწილი არქივში დაკარგული ან განადგურებულია.
მაღალი მიგრაციის გამო სკოლებიც იცლება, მოქმედი სკოლების შენობები კი ინფრასტრუქტურულად გაუმართავია. კერძოდ, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღულელების საჯარო სკოლაში, სადაც 13 სოფლის 150–მდე ბავშვი სწავლობს, არ არსებობს კვების ბლოკი და შენობას არ მიეწოდება წყალი.
მოსახლეობა კვლავ მწვავედ აპროტესტებს მაღალი ძაბვის გადამცემი ბოძების მონტაჟს. სოფლის მკვიდრნი აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია რა მავნე ზეგავლენას იქონიებს მაღალი ძაბვის გადაცემის სისტემასთან სიახლოვეს ცხოვრება მათ ჯანმრთელობაზე, როგორ შეცვლის გარემოს, თვლიან, რომ მსგავსი მშენებლობები რელიეფის ცვლილებას იწვევს.
სავალალო მდგომარეობაშია კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობები, მათი ნაწილი დანგრევის პირასაა. კულტურული მემკვიდრეობის პრობლემა განსაკუთრებით იჩენს თავს თრუსოს ხეობაში. მოსახლეობისგან დაცლილ სოფლებში ეტაპობრივად ნადგურდება სიძველეები.
რეგიონებში ვიზიტისას სახალხო დამცველი შეხვდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელს გივი ქირიკაშვილს და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილეებს თამაზ სუჯაშვილს და მანანა ნარიმანიძეს და მოსახლეობის მწვავე პრობლემებზე, არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, რომელიც საქართველოში ერთ წელზე მეტია მოქმედებს, ვერ პასუხობს მაღალმთიანი დასახლებული პუნქტების საჭიროებებს. უჩა ნანუაშვილი აუცილებლად მიიჩნევს სპეციალური პროგრამების შემუშავებას, რომელიც მოსახლეობის მიგრაციას შეაჩერებს.
მცხეთა-მთიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრის პარალელურად სახალხო დამცველმა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის და მოწვეული ექსპერტების თანხლებით, მონიტორინგი ჩაატარა სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის მართმადიდებლურ სასწავლებელში, რომელსაც ასევე სკოლა პანსიონის სტატუსი აქვს. სასწავლებელში ჩატარებული მონიტორინგის დეტალური ანგარიში უახლოეს პერიოდში მომზადდება და გახდება საჯარო საზოგადოებისთვის.