ახალი ამბები

სახალხო დამცველის შეხვედრა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის, სამხრეთ კავკასიის საქმიანობის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან

2015 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის სამხრეთ კავკასიის საქმიანობის სადამკვირვებლო მისიის წევრებთან.

შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სადამკვირვებლო მისიის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. განიხილეს დევნილთა განსახლების პროცედურები და რეკომენდაციები, რომლებიც სახალხო დამცველმა დევნილთა საჭიროებების უზრუნველსაყოფად მთავრობას წარუდგინა.

მისიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ სახელმწიფო სტრატეგიის დეტალებით და გაეროს უმაღლესი კომისრის ჩართულობის საჭიროებით ამ საკითხში. საუბარი შეეხო მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებულობის საკითხსა და მათ წვდომას არსებულ სერვისებზე; შეხვედრაზე განიხილეს მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები, როგორც მიმდინარე, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე. ისაუბრეს სახალხო დამცველისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებაზე – საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ, ლტოლვილთა და ჰუმანიტარული სტატუსების მქონე პირთა უფლებების დაცვაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე; თავშესაფრის საკითხებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების აუცილებლობაზე.

სახალხო დამცველმა მოკლედ მიმოიხილა აპარატის საქმიანობა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები პირების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის სფეროში. ასევე, სადამკვირვებლო მისიის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია, დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგად გამოვლენილ ძირითად პრობლემებზე; კერძოდ, დევნილთა საცხოვრებელი ფართების პრივატიზაციის, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტების და დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესებთან დაკავშირებით. გააცნო მათ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მიმართ სახელმწიფო პოლიტიკაში არსებული სიახლეები.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ დევნილთა პრობლემების გრძელვადიანი გადაჭრის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაიწყოს მუშაობა დევნილთა შესახებ ახალი კანონის დახვეწაზე, რათა მოხდეს ე.წ. „საჭიროებებზე მორგებულ მიდგომაზე“ გადასვლა.

შეხვედრის ბოლოს უჩა ნანუაშვილმა დადებითად შეაფასა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერა სახალხო დამცველის აპარატისადმი, რომელიც ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის ეფექტურად განხორციელებაზეა ორიენტირებული და ამ თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

2.11.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)