სახალხო დამცველის შეხვედრა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
2015 წლის 24 სექტემბერს სახალხო დამცველმა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის ფორმატში რეგულარული სამუშაო შეხვედრის გამართვის ინიციატივა წარუდგინა. შეხვედრების თემატიკა ადამიანის უფლებათა სფეროში მიმდინარე აქტუალური და პრიორიტეტული საკითხებით განისაზღვრება.
ღონისძიების გახსნაზე საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ომბუდსმენის აპარატს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს შორის მუდმივი ინფორმაციის გაცვლისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საერთაშორისო საზოგადოების მეტი ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობისა და კონსულტაციების გააქტიურების პერსპექტივებზე ისაუბრა.
ღონისძიებაზე სახალხო დამცველის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა ახლადშექმნილი დეპარტამენტის ფუნქციებზე და 2015 წლის მარტიდან განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ დეპარტამენტი ორ მთავარ მიმართულებას – საერთაშორისო ურთიერთობებსა და მედიასთან კომუნიკაციას აერთიანებს; კოორდინირებას უწევს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე პროექტებს, უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციების და არასამთავრობო სექტორის პერიოდულ ინფორმირებას სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შესახებ, ასევე პროაქტიულ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებს და უზრუნველყოფს აპარატის გამჭვირვალობას.
შეხვედრის დასასრულს სახალხო დამცველმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა. უჩა ნანუაშვილმა ისაუბრა დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის მიმდინარე სამუშაოზე, ლტოლვილთა უფლებების დაცვის საკანონმდებლო გარანტიებზე, სახალხო დამცველისა და საქართველოს პარლამენტის თანამშრომლობაზე, ასევე ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმასა და მასში ასახული პრობლემების შესრულების ხარისხზე.
დიპლომატიური კორპუსის და საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სახალხო დამცველის ინიციატივა და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.