სახალხო დამცველის შეფასებით ბორჯომის მუნიციპალიტეტის „ახალდაქორწინებულთა პროგრამა“ დისკრიმინაციულია
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალაქ ბორჯომის მუნიციპალიტეტის N2 ახალდაქორწინებულთა პროგრამით დადგენილ მოთხოვნას, რომელიც ახალდაქორწინებული წყვილის მიერ ფულადი დახმარების მიღების წინაპირობად მეუღლე მამაკაცის ბორჯომში რეგისტრაციას განსაზღვრავს.
მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების წახალისების მიზნით ერთჯერად დახმარებას 150 ლარის ოდენობით. პროგრამაში ჩართვისათვის ახალდაქორწინებულ წყვილს მოეთხოვება, რომ წარადგინოს პირადობისა და ქორწინების მოწმობების ასლები და საბანკო ანგარიშის ნომერი. გარდა ამისა, აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს მეუღლე მამაკაცის რეგისტრაცია ბორჯომში.
სახალხო დამცველი არ შეაფასებს თავად პროგრამის მიზანშეწონილობას და აცნობიერებს, რომ აღნიშნული შესაძლოა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ახალდაქორწინებულთა ფინანსურ წახალისებას ემსახურებოდეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ ამგვარი მიდგომა დისკრიმინაციულია ამავე მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ქალების მიმართ, რამდენადაც, მამაკაცებისგან განსხვავებით, მათი რეგისტრაციის ადგილს მნიშვნელობა არ ენიჭება. ამასთან, ბუნდოვანია, თუ რა ლეგიტიმური მიზანი განაპირობებს მსგავს განსხვავებული მოპყრობას.
სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის მსგავსი მოთხოვნა, ხაზს უსვამს მამაკაცის დომინანტურობას ოჯახში და კიდევ უფრო ამყარებს საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებს ქალისა და მამაკაცის განსაზღვრული როლების შესახებ.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა “ პუნქტის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ნებისმიერი დაწესებულება ვალდებულია, თავისი საქმიანობა, ანტიდისკრიმინაციულ კანონსა და სხვა ანტი-დისკრიმინაციულ კანონმდებლობას შეუსაბამოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბორჯომის მუნიციპალიტეტს, გააუქმოს N2 ახალდაქორწინებულთა პროგრამით განსაზღვრული დისკრიმინაციული მოთხოვნა მეუღლე მამაკაცის რეგისტრაციის ადგილის შესახებ და მომავალი საქმიანობით ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას რეგიონში.