სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო
2015 წლის 26 ივნისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელი. სახალხო დამცველი სადავოდ მიიჩნევს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 83მუხლის პირველი პუნქტის დებულებას, რომლითაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განსახორციელებლად შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს უფლება აქვს რეალურ დროში მოიპოვოს ინფორმაცია კავშირგაბმულობის და კომუნიკაციის ხაზებიდან და უსასყიდლოდ განათავსოს სიგნალის ფიქსაციის აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები.
აღნიშნული საკანონმდებლო რეგულაციები სახელმწიფოს შეუზღუდავ უფლებას აძლევს, უშუალოდ, ანუ ყოველგვარი შუამავალი რგოლის გარეშე მიუწვდებოდეს ხელი ტელესაკომუნიკაციო საშუალებებით და ინტერნეტით განხორციელებული კომუნიკაციის მონაწილეთა როგორც მაიდენტიფიცირებელ მონაცემებზე, ისე, ამ კომუნიკაციის შინაარსზე. შესაბამისად, სახელმწიფოს პირადი ცხოვრების უფლების მიმართ გააჩნია მოქმედების იმგვარი თავისუფლება, რომელიც მარტივად შესაძლოა გადაიზარდოს თვითნებობაში.
სადავოა ასევე, შს სამინისტროს მიერ კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების (განხორციელებული ზარების ადგილმდებარეობა, ხანგრძლივობა, სიხშირე, კომუნიკაციის თარიღი და ა.შ) 2 წლის ვადით შენახვა. სახალხო დამცველის აზრით, იმ პირობებში, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს გააჩნია კომუნიკაციის საშუალებებზე წვდომის ფაქტობრივად უკონტროლო უფლებამოსილება, ამგვარი ინფორმაციის შენახვას იგი არ უნდა ახორციელებდეს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დასაშვებად ცნო კოალიცია „ეს შენ გეხებას“ სარჩელი ფარული მიყურადების მომწესრიგებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურობის შესახებ.