სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო საქართველოს მთავრობისგან ომბუდსმენის აპარატისთვის ახალი შენობის გადაცემას ითხოვს
სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა საქართველოს მთავრობას სპეციალური წერილით მიმართეს, სადაც ომბუდსმენის აპარატისთვის სათანადო სამუშაო გარემოს შექმნა მოითხოვეს.
წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი ოგე ბორჩგრევინკი, კონფლიქტებისა და თანამშრომლობის ექსპერტი იორგენ იოჰანსენი, ადამიანის უფლებათა ექსპერტი ევა პასტრანა და გაეროს სპეციალური მომხსენებელი მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების უფლების საკითხებში მაინა კიაი, ყურადღება გამახვილებულია შენობის უსაფრთხოებისა და ადაპტირების საკითხებზე.
„მრჩეველთა საბჭოს წევრები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფს სახალხო დამცველის აპარატისთვის ახალი, უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხო შენობის გამოყოფას, ვინაიდან თანამშრომელთა რაოდენობის განთვალისწინებით, არსებულ შენობაში არ არის შესაბამისი სამუშაო პირობები. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ შენობა არ არის ადაპტირებული სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებისთვის.“ – ნათქვამია საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს განცხადებაში.
2013 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის მოთხოვნით სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრმა ტექნიკური გამოკვლევა ჩაუტარა ნინო რამიშვილის N6-ში მდებარე შენობას, სადაც სახალხო დამცველის აპარატია განთავსებული. ექსპერტიზის ცენტრის დასკვნის თანახმად, შენობის საძირკველი განიცდის დეფორმაციას და ექსპლუატაციის გარკვეულ პერიოდში მოსალოდნელია მზიდი კონსტრუქციების მნიშვნელოვანი დაზიანება.
სახალხო დამცველის აპარატის 5 სართულიან შენობაში 38 მცირე ზომის სამუშაო ოთახია, რაც არ არის საკმარისი 118 თანამშრომლისთვის.
ვერ ხერხდება შენობის სრულყოფილად ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის; შენობას არ აქვს დარბაზი, სათათბირო და საკონფერენციო ოთახები, სადაც შესაძლებელი იქნებოდა შეხვედრების ორგანიზება. საჭიროების შემთხვევაში აპარატი იძულებულია ძვირადღირებული დარბაზი დაიქირაოს, რაც დამატებით ხარჯებს მოითხოვს.
განსაკუთრებით დიდი ცვლილება შენობამ 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად განიცადა; სხვადასხვა სართულებსა და კიბის უჯრედებში არსებული ნაპრალები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია იზრდება და მათი რაოდენობაც მატულობს, წყალდიდობის შემდეგ ძალიან სწრაფად მომრავლდა და გაფართოვდა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ქმნის.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს მთავრობა ყოველ ღონეს მიმართავს, რათა ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ინსტიტუციამ ფუნქციურად და ტექნიკურად გამართულ, უსაფრთხო გარემოში მოახერხოს კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულება.