სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობა
2015 წლის 21 და 22 მაისს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახელისუფლებო უწყებების წარმომადგენლებმა საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ 2014 წლის ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებები წარმოადგინეს.
შეხვედრის გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2014 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ ტენდენციებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. მოკლედ მიმოიხილა ვრცელი, საპარლამენტო ანგარიშის თემატიკა, ასევე ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებული ძირითადი რეკომენდაციები. აღნიშნა, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია უკვე რამდენიმე წელია მეორდება, ვინაიდან, მიუხედავად აქტუალობისა, ადრესატებს ისინი კვლავ არ გაუთვალისწინებიათ.
ორი დღის განმავლობაში 15 სამინისტროსა და მთავრობის სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის რეკომენდაციებისადმი თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. მათი განცხადებით, ანგარიშში მითითებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულების პროცესშია. თუმცა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბევრი რეკომენდაცია რეალურად შეუსრულებელია.
გასულ წლებთან შედარებით გაიზარდა სახალხო დამცველის რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულების მაჩვენებელი, მაგრამ კვლავ უამრავი პრობლემური საკითხია წამოჭრილი, რომელთა მოსაგვარებლად სახალხო დამცველისა და ხელისუფლების ყველა შტოს აქტიური თანამშრომლობა და ინტენსიური მუშაობა არის აუცილებელი.