სახალხო დამცველის რეკომენდაციები თავდაცვის სამინისტროს მიმართ
2017 წლის 11 აპრილს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2016 წლის ანგარიში განიხილეს.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა 2016 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით გამოკვეთილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე ისაუბრა, მოკლედ მიმოიხილა საპარლამენტო ანგარიშის თემატიკა. აღნიშნა, რომ მიესალმება სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენისა და რეკომენდაციების შესრულებაზე საპარლამენტო კონტროლის განხორციელების პროცედურების საკანონმდებლო დონეზე განმტკიცებას; თუმცა, გამართლებულად არ მიაჩნია პარლამენტის დადგენილებაში რეკომენდაციების სახეცვლილი ფორმით ასახვა, ვინაიდან, შესაძლოა პარლამენტის დადგენილებაში არ მოხვდეს საქართველოს მთავრობისათვის ყველაზე კრიტიკული, ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტის დამკვიდრებისათვის აუცილებელი რეკომენდაციები, რაც თავის მხრივ, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საპარლამენტო კონტროლს შეასუსტებს. ამიტომ სასურველია, საქართველოს პარლამენტმა იმ სახით ასახოს რეკომენდაციები სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ მიღებულ დადგენილებაში, როგორც თავად ანგარიშშია წარმოდგენილი, მითუმეტეს, რომ არაერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელია.
სახალხო დამცველმა თავდაცვის სამინისტროსადმი გაგზავნილ რეკომენდაციაში მიუთითა შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სარემონტო სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა, ლოჯისტიკის საკითხის დროული მოგვარება, რაც საგრძნობლად აფერხებს სამხედრო ბაზებზე ჰიგიენის დაცვას. გასაუმჯობესებელია სამხედრო ფეხსაცმლის ხარისხი.
სახალხო დამცველი აუცილებლად მიიჩნევს – თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ დროულად და ეფექტურად წარიმართოს 2015–2016 წლებში ზოგიერთი სამხედრო მოსამსახურის გარდაცვალების გამოძიების საქმე.
გასული წლების მსგავსად, არც საანგარიშო პერიოდში შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, სამხედრო მოსამსახურეებისათვის საჭიროების შემთხვევაში, ბინის სარგებლობაში გადაცემა მოხდეს კომისიის გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის მიმართვის საფუძველზე და არ იყოს დამოკიდებული გენერალური შტაბის უფროსის რეკომენდაციაზე. ასევე არ შესრულდა რეკომენდაცია პროფესიული სამხედროების ხელშეკრულებებში გაუქმებულიყო პირობა პირგასამტეხლო ჯარიმების შესახებ და მეტი აქცენტი გაკეთებულიყო სამხედრო მოსამსახურის მოტივაციის ამაღლებასა და სამხედრო ფასეულობებზე, რათა სამხედრო სამსახურში დარჩენა არ ყოფილიყო დაკავშირებული ფინანსურ სანქციებთან, არამედ პირად სურვილთან.
შესასწავლია სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის დროს კვალიფიციური სამედიცინო შემოწმების საკითხი; არასათანადო მოპყრობა სამხედრო ნაწილებში, მათ შორის კოლექტიური დასჯის შემთხვევები.
სახალხო დამცველი ითხოვს უზრუნველყოფილ იქნას თარჯიმნის პერიოდულად მიყვანა სამხედრო ნაწილებში, რათა ქართული ენის არმცოდნე სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცეთ სურვილის შემთხვევაში კონფიდენციალურად გაესაუბრონ ზემდგომებს.