სახალხო დამცველის რეკომენდაცია სქესის და სექსუალური ორიენტაციის საფუძვლით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ
2015 წლის 29 სექტემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით სქესის და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის შესახებ.
საქართველოს სახალხო დამცველს განცხადებით მომართა ლ. ბ.-ს წარმომადგენელმა – ნ. ბ.-მ., რომელიც მიიჩნევს, რომ 2013 წლის 8 ოქტომბრის ,,სისხლისა და მისი კომპონენტების დონორობის წინააღმდეგ ჩვენებების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის #241/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე #01-39/ნ ბრძანების 24-ე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერი, კერძოდ, ,,მამაკაცის სქესობრივი კავშირი მამაკაცთან“ (მსმ) არის დისკრიმინაციული სექსუალური ორიენტაციის საფუძვლით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ მსმ ჯგუფის მიმართ არსებული დონაციის აკრძალვა მიზნად ისახავს რეციპიენტთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიკეთის, დაცვის ვალდებულება სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა. შესაბამისად, აღნიშნული ლეგიტიმურ მიზნად უნდა იქნას მიჩნეული განსახილველ საქმეში. სახელმწიფოს შეუძლია შეზღუდოს რისკ ჯგუფს მიკუთვნებული დონორების მიერ სისხლის დონაცია, თუმცა, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს და დაუშვებელია, რომ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.
სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სამინისტროს მიდგომა მსმ პირებისთვის აბსოლუტური აკრძალვის დაწესებით, წარმოშობს პრეზუმფციას, რომ მსმ ტიპის ურთიერთობა ყველა შემთხვევაში აუცილებლად და სისტემატიურად აყენებს ადამიანს ინფიცირების საფრთხის ქვეშ. მსგავსი სტერეოტიპული მიდგომა კი ხელს უწყობს მოწყვლადი ჯგუფის სტიგმატიზაციას.
ფაქტობრივი გარემოებებისა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მსმ ჯგუფისთვის დონორობის აბსოლუტური აკრძალვა არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევის პროპორციული, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში არსებული ტექნოლოგიებით შესაძლებელია, ვირუსის იდენტიფიცირება გარკვეული დროის შემდეგ. შესაბამისად, შესაძლებელია ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აბსოლუტური აკრძალვის გარეშე ნაკლებმზღუდავი საშუალების გამოყენებით. კერძოდ, მსმ ჯგუფისთვის დონორობის შეფარდებითი (დროებითი) ჩვენების დადგენა „ფანჯრის პერიოდის” ვადით.
სახალხო დამცველი მიმართავს შრომისა, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, რომ მან ცვლილებები შეიტანოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2000 წლის 5 დეკემბრის #241/ნ ბრძანების #1 დანართში ისეთი სახით, რომ შესაძლებელი იყოს მსმ ჯგუფისთვის სისხლის დონორობა ფანჯრის პერიოდის მიღმა; შეიმუშავოს სპეციალური კითხვარი, რომელიც შესაძლებლობას მისცემს ინდივიდუალურად განისაზღვროს დონორის სექსუალური ქცევის რისკის ხარისხი; ძალისხმევა მიმართოს თანამედროვე აპარატურისა და მიდგომების დანერგვისაკენ, რაც შეამცირებს „ფანჯრის პერიოდს” და უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის პროცესის მეტ უსაფრთხოებას და ნაკლებად გახდის მას მხოლოდ დონორების კეთილსინდისიერებაზე დამოკიდებულს.