სახალხო დამცველის რეკომენდაცია ს.ბ-ს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების ხელყოფის შესახებ
2017 წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიწის ნაკვეთების ფიზიკური პირების საკუთრებაში გადაცემის შედეგად მესამე პირის კანონიერი ინტერესების შელახვასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებელი მიუთითებდა, რომ იგი ვერ ახერხებს მისი მამკვიდრებლის სახელზე ტექნიკური აღრიცხვის არქივში ასახულ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, ვინაიდან საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში სხვა პირების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების ძირითადი ნაწილი ფარავს მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთს და ფიქსირდება ზედდება.
სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კომისია დაეყრდნო მხოლოდ სასამართლო გადაწყვეტილებას ს.ბ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მაშინ, როცა სასამართლოს ს.ბ.-ს მამკვიდრებლის სახელზე ტექნიკური აღირცხვის არქივში აღრიცხული მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ნამდვილობა ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
სახალხო დამცველის მითითებით, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის განხილვისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებს; კომისიამ უნდა გამოიყენოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად განმცხადებლის მამკვიდრებლის სახელზე აღრიცხულ და სხვა პირების მიერ მოთხოვნილ უძრავ ნივთებს შორის განსხვავების დასადგენად, ვინაიდან მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დადგენა გამორიცხავს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარების შესაძლებლობას.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, ბათილად ცნოს საკუთრების უფლების აღიარების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილებები და გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიიღოს ახალი გადაწყვეტილებები ს.ბ.-ს კანონიერი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.