სახალხო დამცველის რეკომენდაცია მესამე პირების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების შელახვის შესახებ
2017 წლის 30 მაისს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უკანონოდ აშენებული ობიექტის შედეგად მესამე პირთა კანონიერი ინტერესების შელახვის შესწავლასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველის წინაშე განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მისი მეზობლის საკუთრებაში არსებულ ბინაზე განხორციელებული უნებართვო მიშენება მის საცხოვრებელ სახლში იწვევდა უჰაერობას, უსინათლობას და ნესტს, რის გამოც საფრთხე ექმნებოდა მისი და მისი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას. მოქალაქის მიერ აღნიშნულ გარემოებაზე არაერთი მითითების მიუხედავად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უნებართვოდ მომატებული ფართი ლეგალიზებულად ჩაითვალა.
სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას არქიტექტურის სამსახურს არ გამოუკვლევია სადავო ობიექტის შესაძლო საზიანო ზემოქმედება მეზობელ ობიექტებზე ან მესამე პირების ჯანმრთელობაზე მაშინ, როცა საკითხი დაკავშირებულია საკუთრების, სათანადო საცხოვრებლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ უფლებებთან.
სახალხო დამცველის მითითებით, მნიშვნელოვანია, რომ სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდეს მესამე პირთა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით გარანტირებული ღირებულებების იგნორირების ხარჯზე. სახალხო დამცველმა დამატებით განმარტა, რომ საკუთრების რეგისტრაციის ფაქტზე მითითება ვერ გამორიცხავს ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებას, ვინაიდან კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ ნაგებობის აშენებასთან დაკავშირებით დამრღვევის მიმართ ღონისძიებათა გატარება ვერ განიხილება სამართალდამრღვევის საკუთრების უფლების ხელყოფად.
შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ბათილად ცნოს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე უნებართვო მიშენების ლეგალიზების შესახებ ბრძანება და გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება მესამე პირების კანონიერი უფლებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.