სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების სამუშაო ვიზიტი ხორვატიაში
2016 წლის 22-24 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები სამუშაო/სასწავლო ვიზიტით ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ხორვატიის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატისა და საქმიანობის გაცნობა.
ვიზიტის ფარგლებში პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ ხორვატიის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მუშაობის სტრუქტურას, ანგარიშების მომზადების თავისებურებებს, ფოტო გადაღებასთან დაკავშირებით არსებულ პრაქტიკას, მონიტორინგის ინსტრუმენტებსა და რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მეთოდოლოგიას. საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხორვატ კოლეგებს გააცნეს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში გაწეული მუშაობის შედეგები.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, პრევენციის და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოინახულესზაგრების პოლიციის იზოლატორი, მიგრანტთა განთავსების ცენტრი და პენიტენციური დაწესებულება. ვიზიტის ბოლოს გაიმართა შემაჯამებელი დისკუსია, სადაც ხაზი გაესვა გამოცდილების ორმხრივად გაზიარების მნიშვნელობასა და სამომავლო თანამშრომლობის საჭიროებას.