ახალი ამბები

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ წალკაში დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა

საქართველოს სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ თამარ გვარამაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ნათია მეზვრიშვილთან და სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან გიორგი მოსაშვილთან ერთად, წალკაში, დროებითი მოთავსების იზოლატორი დაათვალიერა, რომლის განახლებაც სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით განხორციელდა.

სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თამარ გვარამაძის შეფასებით რეაბილიტირებული იზოლატორი სრულად შეესაბამება დროებითი მოთავსების იზოლატორების შესახებ ევროპის წამების პრევენციის კომიტეტის სტანდარტებს.

„სახალხო დამცველმა წლების განმავლობაში არაერთი რეკომენდაცია გასცა დროებითი მოთავსების იზოლატორებში პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ერთე-ერთი ასეთი რეკომენდაცია სწორედ წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორს შეეხებოდა, რომლის მონიტორინგი სახალხო დამცველის აპარატმა 2015 წელს ჩაატარა, აღნიშნულ დაწესებულებაში პირობები ნამდვილად არ გახლდათ დამაკმაყოფილებელი“ - განაცხადა თამარ გვარამაძემ.

სახალხო დამცველის მოადგილემ დროებითი დაკავების იზოლატორების რეაბილიტაციის რეფორმა პოზიტიურად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველი ჩართული იქნება პროცესის მონიტორინგში.

წალკის იზოლატორი მთლიანად გარემონტდა და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვა, მოწესრიგდა ცენტრალური გათბობისა და ვენტილაციის სისტემა. ასევე, მოეწყო სამედიცინო კაბინეტი, სადაც იზოლატორში მოთავსებულ პირებს კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწევათ. შენობის პერიმეტრი სრულად კონტროლდება სამეთვალყურეო კამერების საშუალებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2018 წლის ბოლომდე, დროებითი მოთავსების კიდევ 6 იზოლატორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლებას გეგმავს.

22.03.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)