სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები ლაჰიჯების თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ
2016 წლის 29 სექტემბერს სახალხო დამცველის ოფისისა და ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები კობა ჩოფლიანი და იზაბელა ოსიპოვა და ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი სორდია საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში მცხოვრები ლაჰიჯური თემის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ლაჰიჯები საქართველოში მე-20 საუკუნის დასაწყისში აზერბაიჯანიდან გადმოსახლდნენ და თავს ეროვნებით აზერბაიჯანელებად მიიჩნევენ. დღეისათვის გომბორში დაახლოებით 100-120 ლაჰიჯი ცხოვრობს. ისინი წუხან, რომ მათი მშობლიური ენა - ლაჰიჯური იკარგება, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი არ საუბრობს ამ ენაზე და მხოლოდ უფროს თაობაშია შემორჩენილი. ლაჰიჯური არ არის სამწერლობო ენა, მასზე ძირითადად ოჯახებში საუბრობდნენ, მაგრამ შერეული ოჯახებისა და ენის შენარჩუნება-განვითარებისთვის შესაბამისი პირობების არარსებობის გამო, იგი პრაქტიკულად ქრება. ლაჰიჯებს მშობლიური ენის შენარჩუნების იმედი არ აქვთ და ვერც გამოსავალს ხედავენ.
ლაჰიჯური ენის სახელწოდება მომდინარეობს აზერბაიჯანის ისმაილის რაიონის ქალაქ ლაჰიჯიდან, სადაც ლაჰიჯების მნიშვნელოვანი ნაწილი ცხოვრობს. ენათმეცნიერების მოსაზრებით საქართველოში მცხოვრები ლაჰიჯების ენა სინამდვილეში თათური ენაა, რომელიც სპარსული ენების სამხრეთ-დასავლურ ჯგუფში შედის. თათურ ენაზე მოსაუბრეთა დიდი ნაწილი ირანში, აზერბაიჯანსა და დაღესტანში ცხოვრობს.
ლაჰიჯებს ენასთან ერთად ეთნიკური კულტურის მრავალი ელემენტი სავარაუდოდ დაკარგული აქვთ, შენარჩუნებული აქვთ ე.წ. ლაჰიჯური ცული და სხვა საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები, რომლებსაც ლაჰიჯურად მიიჩნევენ.
იუნესკოს მონაცემებით, თათური ენა და შესაბამისად მისი ერთ-ერთი განშტოება ე.წ. ლაჰიჯური დიალექტი, მომაკვდავ ენათა ნუსხაშია შეტანილი.
სახალხო დამცველი, სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო გეგმავს განაგრძოს საქართველოში ლაჰიჯური თემის მდგომარეობისა და ლაჰიჯური (თათური) ენისა და კულტურის შენარჩუნების საკითხის შესწავლა.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველის, ტოლერანტობის ცენტრის, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამით (PITA).